რაგბი

22:55 | 16.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი

2021/2022 წლების ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ოთხი ქართული ლელო გავიდა. ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდიდან სამმა გამარჯვება იზეიმა, ერთი კი მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.

‘ბრივმა’ ‘პოს’ უმასპინძლა და ქართველების ბრწყინვალე თამაშის წყალობით 33:25 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ლელო 21-ე წუთზე ლუკა ჯაფარიძემ გაიტანა. ის დერეფნიდან გათამაშებულ კომბინაციას მიყვა, ლელოდან 7 მეტრში მბოჭავი კონტაქტით ჩამოიშორა და ევროთასებზე თავისი პირველი ლელო გაიტანა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს.

პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა თედო აბჟანდაძემ, რომელმაც პირველი ტაიმის მიწურულს ბურთი ფეხით ფრთაზე იდეალურად გადაკიდა და თანაგუნდელს მეორე ლელო გაატანინა. ‘ბრივმა’ ტაიმი 23:6 მოიგო. თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო კვაჭი ვანო კარკაძე, ხოლო ოთარ გიორგაძე შეცვლაზე 65-ე წუთზე შევიდა.

ევროთასებზე პირველი ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამაც. ‘ნიუკასლთან’ მატჩში მან თავი 63-ე წუთზე გამოიჩინა და ანგარიში 10:10 გახდა, თუმცა სტუმრებმა გაწითლებულ დროზე გატანილი ლელოთი 17:13 მოიგეს. ჯალაღონიამ პირველიდან 71-ე წუთამდე ითამაშა, 11 შეტევით ჯამში 34 მეტრი მოიგო, დაცვაში კი 10 ბოჭვა შასრულა. ‘ბიარიცის’ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 50-ე წუთზე შეცვლაზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. 50-ე წუთიდან ითამაშა უშანგი ჭეიშვილმაც.

ზედიზედ მეორე თამაშია ლელო გააქვს ‘ლიონის’ გარემარბ დავით ნინიაშვილს. ამჯერად მან სადებიუტო ლელო ევროთასებზე გაიტანა, მისი „მსხვერპლი“ კი ფრანგული ‘პერპინიანი’ აღმოჩნდა. ‘ლიონმა’ სტუმრად 37:6 მოიგო და ბონუს ქულაც აიღო. ნინიაშვილმა სრულად ითამაშა, 16 შეტევით ჯამში 120 მეტრი მოიგო, ლელო 50-ე წუთზე გაიტანა, ერთი სალელოვე პასი გააკეთა, ფაქტობრივად ყველა სალელოვე შეტევის სულისჩამდგმელი იყო და საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

‘პერპინიანისა’ და ‘ლიონის’ შეხვედრა საქართველოს 2021 წლის საუკეთესო მსაჯმა, ნიკა ამაშუკელმა იმსაჯა.

‘ტულონი’ ‘ვუსტერს’ ინგლისში ეწვია და 34:23 დაამარცხა. ბექა გიგაშვილი შეცვლაზე 45-ე წუთზე შევიდა, მე-60-ე წუთზე სტუმართა მეოთხე ლელო გაიტანა და გუნდს ბონუს-ქულა შესძინა.

ჩელენჯ ქაფის მეოთხე ტურის თამაშები 21-23 იანვარს გაიმართება.

ჩემპიონთა თასის მესამე ტურში ‘რასინგ 92’-მა უელსში ‘ოსპრეიზი’ 25:10 დაამარცხა. პარიზელთა შორის შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

‘ლა როშელმა’ ინგლისურ ‘ბათს’ უმასპინძლა და 39:21 დაამარცხა, თანაც ისე, რომ ბინუსიც აიღო. გამარჯვებულთა შორის 54-ე წუთიდან ითამაშა გურამ პაპიძემ.

ინგლისში ‘ბრისტოლთან’ 17:28 დამარცხდა ‘სტად ფრანსე’, რომლის შემადგენლობაში შეცვლაზე, 47-ე წუთიდან ითამაშა ვასილ კაკოვინმა.

‘მონპელიე’ ‘ლენსთერს’ ირლანდიაში ეწვია და 7:89 დამარცხდა. სტუმართა შორის გელა აფრასიძემ სრულად ითამაშა. ძირითადში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს მიხეილ ნარიაშვილი.

RUGBY.GE

0.169567