ფეხბურთი

18:54 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტილევსკი: "დინამოს" ფანები თავად გადაწყვეტენ, ვიმსახურებ თუ არა აქ თამაშს"

„დინამო თბილისის“ ახალწვეულმა დმიტრი ანტილევსკიმ გუნდთან ერთად მზადება დაიწყო და კომენტარიც გააკეთა. როგორც ბელარუსმა თავდამსხმელმა განაცხადა, გულშემატკივრები მას შეაფასებენ და თავად გადაწყვეტენ იმსახურებს თუ არა „დინამოში“ თამაშს.

„პირველივე დღიდან ყველაფერი მომეწონა, გუნდმაც კარგად მიმიღო, ყველაფერი მშვენივრადაა. ვარჯიშები საინტერესოა, რაღაცები ჩემთვის ახალია. შეტევაში, თავდამსხმელის უკან ჩემთვის ხელსაყრელი პოზიციაა. აქ ჩამოსვლა მეუღლესთან ერთად გადავწყვიტე. მანამდე მაჩვენეს ქალაქი, საწვრთნელი ბაზა, ვნახე თამაშები, გავეცანი სამწვრთნელო შტაბს და პრინციპში ყველაფერი მომეწონა. მომართული ვარ, რომ გუნდს ოქროს მედლების მოპოვებაში დავეხმარო, როგორც ჩემპიონატში ისე თასზე.

უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება შორს გავიდეთ კონფერენს ლიგის გათამაშებაში. ინტერესის შემდეგ „დინამო“ უფრო მეტად შევისწავლე, გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ ვეცდები, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო გუნდს, დანარჩენს კი თავად ნახავენ და გადაწყვეტენ ვარ თუ არა აქ ყოფნის ღირსი. ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ და აუცილებელია მოედანზე მათთვის ბოლომდე დახარჯვა“, - თქვა ანტილევსკიმ.

შეგახსენებთ, 24 წლის შემტევი ბორისოვის „ბატეს“ აკადემიის აღზრდილია, სხვადასხვა დროს მას მოგილევის დნეპრში, საფეხბურთო კლუბ მინსკში და დინამო მინსკში უასპარეზია. ანტილევსკის ბელარუსის ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული, ბოლოს კი 13 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ ითამაშა. გარდა ამისა, ბელარუსის 21-წლამდე ნაკრებში 12 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. ასევე იყო 17 და 19-წლამდე ნაკრებების წევრი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110969