ფეხბურთი

17:38 | 13.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი: "ტორპედოს" სამომავლო გეგმები ჩემთვის მომხიბვლელია"

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელმა გიორგი პაპუნაშვილმა იმერულ კლუბში ტრანსფერის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, გუნდს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია და თავისი წვლილის შესატანად ყველაფერს გააკეთებს.

„პირველ რიგში მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს, კლუბის ხელმძღვანელობასა და „ნიუ ვიჟენს“. დიდხნიანი მოლაპარაკებები გვქონდა, ვისაუბრეთ როგორ უნდა განვითარდეს გუნდი და სამომავლო გეგმებზე, რაც ჩემთვის ძალიან მომხიბვლელი იყო. ვიცნობ გუნდის ძირითად ბირთვის და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდის წევრი ვარ. ქუთაისელი ქომაგების შესახებ ვიცით, ვადევნებდი თვალს და აქ ბევრჯერ მითამაშია. შესაბამისად, ვიცი, როგორ უყვართ გუნდი და როგორ გულშემატკივრობენ. ჩვენ ახალი გუნდი ვართ, ახალი ამბიციებითა და მიზნებით და ამიტომ, ახლა მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება.

„ტორპედოს“ დღევანდელი შემადგენლობა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ჩემპიონობისთვის, თასისთვის და ევროტურნირებისთვის ვიბრძოლოთ. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს წვლილს ამაში მაქსიმალურად შევიტან“, - თქვა პაპუნაშვილმა.

26 წლის ნახევარმცველი „ტორპედოს“ თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება და გუნდთან ერთად მოემზადება. პაპუნაშვილი ბოლოს ლიმასოლის „აპოლონში“ თამაშობდა, რომლის მაისურით მხოლოდ 10 თამაში ჩაატარა ერთი სეზონის განმავლობაში, გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. პაპუნაშვილს მანამდე „დინამო თბილისში“, ბრემენის „ვერდერის“ მეორე გუნდში, სანტანდერის „რასინგსა“ და „სარაგოსაში“ თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში მას 14-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111677