რაგბი

15:50 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან

2022 წლის დებიუტი საფრანგეთში მოთამაშე ქართველი ლეგიონერებისთვის ბარაქიანი აღმოჩნდა – პირველ 9 დღეში ჯამში 5 ლელო გავიდა.

წელს ტოპ 14-ში უკვე ორი ტური ჩატარდა და ლელოები დავით ნინიაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და თორნიკე ჯალაღონიამ გაიტანეს. პრო დე2-ში მხოლოდ ერთი ტური გაიმართა და თავი ზაურ თევდორაშვილმა და ზურაბ ჟვანიამ გამოიჩინეს.

ნინიაშვილის სადებიუტო ლელო ტოპ 14-ში

19 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში თავისი პირველი ლელო გაიტანა. ‘პოს’ წინააღმდეგ მან სრულად ითამაშა და თავი 44-ე წუთზე გამოიჩინა. მისმა ‘ლიონმა’ 35:10 მოიგო და ბონუსიც აიღო.

‘კასტრმა’ ‘სტად ფრანსეს’ 15:9 მოუგო. გამარჯვებულთა შორის შეცვლაზე 50-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ. სტუმართა რიგებში 57-ე წუთზე გამოჩნდა ვასილ კაკოვინი, ხოლო გიორგი მელიქიძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო.

‘პერპინიანმა’ დრამატულ შეხვედრაში ‘ბიარიცს’ სტუმრად 25:23 სძლია. მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა თორნიკე ჯალაღონიამ, ძირითადში იყო გიორგი ნუცუბიძე და მის ნაცვლად 49-ე წუთზე მოედანზე ლუკა აზარიაშვილი შევიდა. სტუმართა მარქაფიდან თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო დუდუ ქუბრიაშვილი.

ლიდერ ‘ბორდოს’ უმასპინძლა და 19:22 დამარცხდა ‘ბრივი’, რომლის ძირითად შემადგენლობაში ვასილ ლობჟანიძე (58-ე წუთზე შეცვალეს) და ოთარ გიორგაძე (49-ე წუთზე შეცვალეს) იყვნენ. ვანო კარკაძემ 10 წუთი პირველი ტაიმის მიწურულს ითამაშა და სრულფასოვან შეცვლაზე 56-ე წუთზე, სოსო ბეკოშვილთან ერთად შევიდა. სტუმართა შორის 46-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

‘რასინგ 92’-მა ‘კლერმონს’ 33:28 სძლია. მასპინძელთა გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა გურამ გოგიჩაშვილმა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს.

ლობჟანიძემ და ჯალაღონიამ ახალი წელი ლელოებით აღნიშნეს

ტოპ 14-ის მე-14 ტურში ვასილ ლობჟანიძემ ‘პოს’ ლელო მესამე წუთზევე დაუდო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მისი ‘ბრივი’ 20:43 დამარცხდა. ლობჟანიძემ მოედანზე 64 წუთი გაატარა. ‘ბრივის’ სასტარტოში იყო ლუკა ჯაფარიძე, რომლის ნაცვლად 35-ე წუთზე თამაშში სოსო ბეკოშვილი ჩაერთო. ‘პოს’ რიგებში სრულად ითამაშა ბექა გორგაძემ.

ამავე ტურში 70-ე წუთზე ლელო გაიტანა თორნიკე ჯალაღონიამ. მისი ‘ბიარიცი’ ბორდოში დიდი სხვაობით მარცხდებოდა, თუმცა სტუმრებმა დასკვნით 10 წუთში 3 ლელო გაიტანეს და შინ ბონუსი წაიღეს – 27:30. ჯალაღონიამ შეუცვლელად ითამაშა, ლუკა აზარიაშვილი კი ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძელთა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა ლექსო ყაულაშვილმა.

‘კასტრმა’ ‘ლა როშელთან’ ჩამორჩენა აღმოფხვრა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 31:30 იმარჯვა. მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე 59-ე წუთიდან ითამაშა ლევან ჩილაჩავამ, რომელმაც ჯერ კიდევ 2021 წელს, 26 დეკემბერს ლელო ‘პერპინიანს’ გაუტანა და მისი წყალობით ‘კასტრმა’ სტუმრად ის თამაში 20:19 მოიგო.

‘ლიონმა’ ‘რასინგ 92’-ს გამარჯვების ლელო 78-ე წუთზე გაუტანა და 37:35 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითადში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს ბექა საღინაძე. თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო დავით ნინიაშვილი. სტუმართა შორის პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა გურამ გოგიჩაშვილმა.

1 იანვარს ‘სტად ფრანსემ’ ‘პერპინიანს’ უმასპინძლა და 27:17 დაამარცხა. სტუმართა ძირითადში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს დუდუ ქუბრიაშვილი. მასპინძელთა შორის თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე კი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა.

გამარჯვების და პრესტიჟის ლელო პრო დე2-ში

პრო დე2-ის მე-16 ტური ‘აჟენისა’ და ‘ბაიონის’ ფრით გაიხსნა – 16:16. ‘აჟენის’ შემადგენლობაში დასკვნითი 20 წუთი ითამაშა გრიგორ ქერდიყოშვილმა.

ტურის დასკვნით მატჩში ‘ოიონამ’ ‘გრენობლს’ ბონუსით, 38:10 მოუგო. ირაკლი მირცხულავა შეცვლაზე 49-ე წუთზე, ხოლო ბექა კაკაბაძე 71-ე წუთზე შევიდა. სტუმართა ერთადერთი საპასუხო ლელო გაწითლებულ დროზე ზურაბ ჟვანიამ გაიტანა, რომელიც თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო.

ზაურ თევდორაშვილის მიერ 77-ე წუთზე გატანილი ლელოთი, ‘ბურგ-ან-ბრესმა’ სტუმრად 18:11 მოუგო ‘რუანს’. თევდორაშვილი და ვაჟა კაპანაძე სტუმართა მარქაფაში იყვნენ და შეცვლაზე 59-ე წუთზე შევიდნენ. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 65-ე წუთიდან ითამაშა ხვიჩა ცოფურაშვილმა.

‘ორიაკმა’ ‘ნარბონს’ 18:13 სძლია და ამ წარმატებაში წვლილი სამ ჩვენებურს მიუძღვის. სამივე ძირითადში იყო – გიორგი ცუცქირიძემ სრულად ითამაშა, გიორგი ჯავახია 54-ე, ხოლო გიორგი ქართველიშვილი 77-ე წუთზე შეცვალეს.

‘ბეზიე’ ‘პროვანსში’ 15:20 დამარცხდა და შინ ბონუს-ქულა წამოიღო. სტუმართა შორის პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა გიორგი ახალაძემ.

‘ნევერი’ სტუმრად ‘ვანთან’ დამარცხდა – 23:35. სტუმართა შორის პირველიდან 58-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე მატარაძემ.

‘მონტობანმა’ ‘კოლომიე’ მიიღო და 22:8 დაამარცხა. მასპინძელთა შორის შეცვლაზე 45-ე წუთიდან ითამაშა მირიან ბურდულმა. სტუმართა შორის მოედანზე 58-ე წუთიდან გამოჩნდა ბექა შეყლაშვილი.

RUGBY.GE

0.12051