ფეხბურთი

17:35 | 8.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზაროვი და "ტრაბზონსპორი" გამოირიცხა: თურქებმა სხვა მარცხენა მცველი დაიმატეს

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ მცველი ირაკლი აზაროვი „ტრაბზონსპორში“ არ გადავა, რადგან უკვე შეიძლება ითქვას, რომ ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.

ამის თქმის საფუძველს კი ის იძლევა, რომ თურქულმა კლუბმა სხვა მარცხენა მცველი დაიმატა და ბუნებრივია, ხსენებულ პოზიციაზე იანვარში ტრანსფერი აღარ იგეგმება. თურქული მედია იტყობინება, რომ პოლონეთის ნაკრებისა და „უნიონ ბერლინის“ ფეხბურთელი ტიმოტეუშ პუხაში კარიერას ტრაბზონელთა რიგებში გააგრძელებს. 22 წლის პოლონელი ფეხბურთელი ტრაბზონში 9 იანვარს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი თითქოს გადაწყვეტილი იყო, ის თურქეთშიც ჩავიდა, მაგრამ როგორც გაირკვა, პირობები ბოლო მომენტში შეიცვალა. თურქები ამტკიცებენ, რომ ფასი „დინამო ბათუმმა“ გაზარდა, ხოლო ზღვისპირელთა რიგებში ამბობენ, რომ პირობები სწორედ თურქებმა შეცვალეს და გარიგებაც ამიტომ ჩაიშალა. თურქული მედია წერდა, რომ „ტრაბზონსპორი“ 1.8 მილიონ ევროს იხდიდა, საიდანაც 40% „დინამო თბილისს“ ერგებოდა.

ირაკლი აზაროვმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გასულ სეზონში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ირაკლი ჯერჯერობით, „დინამო ბათუმში“ რჩება და ახალი სეზონისთვის აჭარელთა რიგებში მოემზადება, თუმცა, მის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ, მათ შორის, დაიწერა მოსკოვის „ლოკომოტივის“, „კრასნოდარისა“ და პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120381