ფეხბურთი

19:16 | 4.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი აზაროვი: "ჩვენი მხრიდან შეფერხება არ ყოფილა, ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად დასრულდება"

საქართველოს ნაკრებისა და „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა ირაკლი აზაროვმა „ტრაბზონსპორში“ შესაძლო ტრანსფერზე WORLDSPORT.GE-სთან კომენტარი გააკეთა.

როგორც 19 წლის ფეხბურთელმა გვითხრა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და იმედოვნებს, რომ საბოლოოდ, ყველაფერი დადებითად დასრულდება. აზაროვმა აღნიშნა, რომ მცირე შეუთანხმებლობა იყო, მაგრამ მოლაპარაკებები გრძელდება.

„ჯერჯერობით „ტრაბზონსპორის“ ფეხბურთელი არ ვარ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი დალაგდება. არა მგონია, რომ ტრანსფერის შემაფერხებელი გარემოებები არსებობდეს. რაღაც უთანხმოება იყო, მაგრამ მოლაპარაკებები ჩვეულებრივად მიმდინარეობს და იმედია, კარგად დასრულდება.

ტრანსფერს მამუკა ჯუღელი აფერხებს? ეს არაფერ შუაშია. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა შეფერხება, ასე რომ, ვიმედოვნებ, რომ კარგად დასრულდება. თურქულ კლუბთან კომუნიკაცია პირადადაც მქონდა, მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით“, - თქვა აზაროვმა.

თურქულმა მედიამ გუშინ დაწერა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო და ქართველი ფეხბურთელი თურქეთშიც იმყოფება, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვალა და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი აზაროვმა გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში 35 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას საქართველოს ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატს პირველი წრის შემდეგ 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11152