ავტოსპორტი

4:13 | 3.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენმა“ მესამე ადგილი „მერსედესის“ ძრავის გამო დაკარგა

„მაკლარენი“ გასულ სეზონში „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობდა და ისე ჩანდა, რომ გუნდს ამით უნდა ეხეირა კიდეც - სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, უოკინგელებს კონსტრუქტორთა ჩემპიონატში მესამე ადგილი ეკავათ. მაგრამ შემდეგ ეს პოზიცია „ფერარისთან“ დაუთმეს, ჩემპიონატის მიწურულს, ძალური დანადგარის წარმატებული მოდიფიკაცია განახორციელა.

ბრიტანული გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ „ფერარისთან“ მარცხი, ძალური დანადგარის მიმწოდებლის შეცვლამ გამოიწვია. ოღონდ, არა იმიტომ, რომ ძრავი „ფერარისაზე“ სუსტია. გუნდს გერმანულ ძრავებზე პრეტენზია არ აქვთ. საქმე ისაა, რომ ახალ ძრავზე გადასვლის და შასიზე მისი მორგების გამო, მათ ის ორი ჟეტონი გამოიყენეს, რომელიც სეზონის განმავლობაში, მანქანის მოდიფიცირების საშუალებას იძლეოდა.

შასი, რომელზეც „მაკლარენმა“ „მერსედესის“ ძრავები დააყენა, „რენოს“ ძრავზე იყო მორგებული, რომლითაც გუნდმა წინა სეზონი ჩაატარა. ამის გამო კი შასის აუცილებელი მოდერნიზება სჭირდებოდა. სწორედ ამ მოდერნიზებაზე დაიხარჯა გამოყოფილი ჟეტონები. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო.

„ჩვენ ახალი ძრავი იმ შასის მოვარგეთ, რომელიც რენოს ძრავის შესაბამისად იყო შექმნილი. ამიტომ, მისი გადაკეთება გახდა საჭირო. ალბათ გესმით, რომ კარგი იქნებოდა, თუ შასი ახალი ძრავის პარამეტრების შესაბამისი იქნებოდა, მაგრამ ამის საშუალება ჩვენ არ გვქონდა. სიამოვნებით შევინახავდით ჟეტონებს და მათი სხვა კომპონენტების, მაგალითად წინა საკიდარის, ან მანქანის უკანა ნაწილის სხვადასხვა დეტალების გადასაკეთებლად გამოვიყენებდით. თუმცა არ მგონია, რომ ამით ჩვენი მანქანების სისწრაფე ძალიან გაიზრდებოდა“, - ამბობს „მაკლარენის“ მთავარი ინჟინერი ჯეიმს კი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12295