ფეხბურთი

1:24 | 28.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებთ"

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფს ოპტიმისტურად უყურებს და თქვა, რომ მუნდიალს მისი გუნდი მოიგებს.

„სკუადრა აძურას“ ჯერ ფინალური ეტაპის საგზური არ მოუპოვებია და ამისთვის ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, მიუხედავად ამისა, მანჩინი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. მან იტალიის ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„დღეში რამდენჯერ ვფიქრობ პლეი-ოფზე? ცოტა ხანს. უფრო იმას ვეუბნები ჩემს თავს, რამდენი შანსი გავუშვით ხელიდან. საკმარისი იყო შვეიცარიასთან პირველი მატჩი მოგვეგო, როცა დიდი უპირატესობა გვქონდა. თავიდან საკვალიფიკაციო ეტაპზე და შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ყველაფერი კარგად წავიდა, მერე კი ადრე თუ გვიან, რაღაც არ გამოდის. ეს არის ფეხბურთი. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და მარტში ამას გავაკეთებთ.

მადლიერება იშვიათია, მითუმეტეს სპორტში და კიდევ უფრო მეტად ფეხბურთში. საკმარისია ერთი თამაში იმისთვის, რომ ჩემპიონობიდან უარეს გუნდად შეგრაცხონ. ეს ნორმალურია. ყველაზე მეტად ქაოსური კალენდრის გამო ვწუხვარ, რომელიც კოვიდმა, საკვალიფიკაციო მატჩებმა, ერთა ლიგამ გამოიწვია.

ჟორჟინიოს ორი გაცუდებული პენალტი? მან ყველაფერი გააკეთა, ის „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა, ამაში დარწმუნებული ვარ. მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური მოთამაშეა ჩვენი გუნდისთვის. მახსოვს ესპანეთთან პენალტი, რამაც ფინალში გაგვიყვანა, არა ეს ორი გაცუდებული პენალტი. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ ის აგრძელებს დარტყმას და გოლების გატანას, პრობლემა არ არსებობს.

ევრო 2020-ის შემდეგ მოტივაცია დავკარგეთ? ყოველთვის ვიცოდი ეს დინამიკა. ეს მხოლოდ იტალიელებს არ ემართებათ. დიდი ტიტულის მოგების შემდეგ ყოველთვის შეიძლება იყოს უყურადღებობა, ფიზიოლოგიური დაქვეითება. გაგვიჭირდა, მაგრამ დამოკიდებულება არ შეცვლილა, არაფერი მაქვს სასაყვედურო. ყველა ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა.

ძანიოლოს შეუძლია „რომას“ და იტალიის ნაკრებს ბევრი რამ მისცეს. ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, მის ფიზიკურ მდგომარეობასა და რამდენად შეძლებს სტაბილური თამაშის ჩვენებას.

ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი ფორვარდები იმობილე და ბელოტი იყვნენ, ბევრი ახალგაზრდა ვითარდება, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით. მაგალითად, სკამაკას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სრულყოფილი ფორვარდი გახდეს. ყველანაირი სტილით შეუძლია გოლის გატანა: თავით, ფეხით, ახლოდან, შორიდან, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურია. ბოლოს ვრცლად ვესაუბრე და ავუხსენი სად შეუძლია მივიდეს თავისი პოტენციალით. იგივე ეხება ძანიოლოსაც, ყველაფერი მასზეა დამოკიდებულები. ახალგაზრდაა და ბევრი უნდა ითამაშოს. პლეი-ოფამდე სამი თვეა და სამი თვე ამ ბიჭებისთვის ძალიან ბევრი დროა, კიდევ შეუძლიათ ბევრად მომატება.

ჩვენ არ მოგვითხოვია ჟოაო პედროს იტალიური პასპორტის აღება, მან იტალიელ ქალზე იქორწინა, ორმაგი პასპორტი აქვს და შემიძლია გამოძახება. მას შესანიშნავი ტექნიკური თვისებები აქვს, თუმცა, გამოძახება ხდება კარგი თამაშით და დამსახურებით. ეს ყველას ეხება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში იტალიელი ფეხბურთელების რაოდენობა წარსულთან შედარებით შემცირდა. 35%-ზე ჩამოვედით, შესაბამისად, იზღუდება სანაკრებო არჩევანიც. ვნახოთ რა მოხდება, არაფერია გადაწყვეტილი. მხოლოდ შეტყობინება მივიღე, რომ ჟოაო პედროს გამოძახება შეიძლება.

იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ვერ გავიდეს, გუნდიდან წავალ? ამაზე არ ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვიგებთ“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრები 2022 წლის მუნდიალის პლეი-ოფის ნახევარფინალში 24 მარტს ჩრდილოეთ მაკედონიას პალერმოში უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში სტუმრად პორტუგალიას ან თურქეთს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110359