რაგბი

14:20 | 20.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აკადემია 23:14 ლელო

თბილისის ‘აკადემიამ’ დედაქალაქურ დერბიში ‘ლელო-სარასენსს’ 23:14 სძლია და პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

სეზონის სტარტზე დიდ დიღმელებმა მეტოქე 7 ქულის სხვაობით დაამარცხეს (29:22), ახლა მეტით დამარცხდნენ და სატურნირო ცხრილში მეტოქეს ჩამორჩნენ – ორივე გუნდს 26-26 ქულა აქვს და მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფენ.

„რაგბი პლატოზე“ სტუმრები გიორგი ასათიანის ჯარიმით დაწინაურდნენ, მაგრამ უკვე მე-9 წუთზე რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. სახიფათო კონტაქტისთვის ბექა ყორიაულმა წითელი ბარათი მიიღო და ორ წუთში ლელო გაუშვა – 5-მეტრიანი დერეფნიდან დარტყმების სერიის შემდეგ, ბურთი მოკლე ფრთაზე ჩათამაშდა და გიორგი ჭუაძემ ალამთან ლელო გაიტანა. სანდრო მარგიანმა გარდასახვა ვერა, მაგრამ 22-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა. ტაიმის ბოლოს „მხატვრებმა“ მარცხენა ფრთაზე ხაზი გაჭრეს, მერე წითელ ზოლში დარტყმების სერია მოაწყეს და ვანო ბერიკაშვილის ლელო მარგიანმა გარდასახა – 15:3.

თამაში რომ განახლდა ‘აკადემიამ’ ყვითელი ბარათით ბექა გვარამია დაკარგა და ამ 10 წუთში ასათიანმა ორი, მარგიანმა კი ერთი ჯარიმა გაიტანა. 58-ე წუთზე ‘აკადემიას’ შეტევა მოულოდნელად განვითარდა, ფრთაზე მიხეილ ახობაძე გაიქცა და ლელოთი უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. ‘ლელომ’ 66-ე წუთზე ვასილ ზღუდაძეს ლელოთი უპასუხა, მაგრამ გარდასახვა ვერც მან გაიტანა. ანგარიში აღარც დარჩენილ დროში შეცვლილა, არადა დიტო კალანდაძეს და ბექა მამუკაშვილს გასატანი პოზიციებიდან ამის შანსი ჰქონდათ (ჯარიმით). ასე კი ‘აკადემიამ’ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვა – 23:14 და სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ჭუაძე გახდა.

0.11444