ფეხბურთი

18:34 | 15.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ერთა ლიგის წილისყრა: საქართველო C დივიზიონის მე-3 კალათაშია და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

უეფას ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის იწლისყრა 16 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება.

ერთა ლიგის ახალ სეზონში საქართველოს ნაკრები კვლავაც C დივიზიონში ითამაშებს და წილისყრის წინ მესამე კალათაშია ლიეტუვას, აზერბაიჯანისა და კოსოვოს ნაკრებებთან ერთად. შესაბამისად, მათ ვერ დაუპირისპირდება. C ლიგაში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან თავმოყრილი - მაგალითად, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სლოვაკეთი.

ერთა ლიგის ახალ სეზონში A, B და C დივიზიონში 16-16 ნაკრებია და ისინი 4 ოთხგუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან, ფორმატი კი უცვლელია. B დივიზიონის გამარჯვებული მომდენო ერთა ლიგისთვის A დივიზიონში აღზევდება, C დივიზიონის - B დივიზიონში. ჯგუფის ბოლო ადგილოსნები, პირიქით - დაქვეითდებიან. A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები კი ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე, ე.წ „ოთხთა ფინალში“ ითამაშებენ, ჯგუფის ბოლოადგილოსნები B დივიზიონში დაქვეითდებიან. რაც შეეხება D დივიზიონს, აქ სულ 7 ნაკრებია, რომლებიც ორ ჯგუფად განაწილდებიან და ბუნებრივია, არცერთი დაქვეითდება, C დივიზიონის გადასასვლელად კი ჯგუფის ორი გამარჯვებული პლეი-ოფში C დივიზიონის ორ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ნაკრებს გაეჯიბრება.

წილისყრის წინ კალათები განაწილებულია და შემდეგნაირია:

A დივიზიონი

I კალათა: საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბელგია

II კალათა: პორტუგალია, ნიდერლანდები, დანია, გერმანია

III კალათა: ინგლისი, პოლონეთი, შვეიცარია, ხორვატია

IV კალათა: უელსი, ავსტრია, ჩეხეთი, უნგრეთი

B დივიზიონი

I კალათა: უკრაინა, შვედეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ისლანდია

II კალათა: ფინეთი, ნორვეგია, შოტლანდია, რუსეთი

III კალათა: ისრაელი, რუმინეთი, სერბეთი, ირლანდია

IV კალათა: სლოვენია, მონტენეგრო, ალბანეთი, სომხეთი

C დივიზიონი

I კალათა: თურქეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ჩრდ. ირლანდია

II კალათა: საბერძნეთი, ბელარუსი, ლუქსემბურგი, ჩრდ. მაკედონია

III კალათა: ლიეტუვა, საქართველო, აზერბაიჯანი, კოსოვო

IV კალათა: ყაზახეთი ან მოლდოვა, კვიპროსი ან ესტონეთი, გიბრალტარი, ფარერები

D დივიზიონი

I კალათა: ყაზახეთი ან მოლდოვა, კვიპროსი ან ესტონეთი, ლიხტანშტაინი, მალტა

II კალათა: ლატვია, სან მარინო, ანდორა

2022 წლის მარტში უნდა გაიმართოს პლეი-აუტის ორი მატჩი: ყაზახეთი - მოლდოვას და კვიპროსი ლიხტანშტაინს დაუპირისპირდება. წყვილებში გამარჯვებულები C დივიზიონში ითამაშებენ, დამარცხებულები D დივიზიონში.

ერთა ლიგაზე გრაფიკი უკვე გაწერილია და ჯგუფური ეტაპის 6 ტურიდან ოთხი დამდეგი წლის ივნისში გაიმართება, ორიც - სექტემბერში.

პირველი და მეორე ტური: 2-8 ივნისი, 2022 წელი

მესამე და მეოთხე ტური: 8-14 ივნისი, 2022 წელი

მეხუთე და მეექვსე ტური: 22-27 სექტემბერი, 2022 წელი

ფინალური ეტაპის (A დივიზიონის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის „ოთხთა ფინალი“): 14-15 ივნისი, 2023 წელი

ფინალი და მესამე ადგილისთვის მატჩი: 18 ივნისი, 2023 წელი

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით, უცნობია როგორი სისტემა იმუშავებს ახალი სეზონის ერთა ლიგაზე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად, უეფას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში D დივიზიონში იასპარეზა, სადაც ჯერ ჯგუფი მოიგო, მერე ნახევარფინალში ბელარუსს აჯობა და ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა, რის შედეგადაც, ევრო 2020-ზე გასასვლელად ერთადერთი ნაბიჯი დააკლდა. გასული სეზონის ერთა ლიგა კი საქართველომ უკვე C დივიზიონში გაატარა, სადაც ჯგუფში სომხეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას ჩამორჩა, ხოლო ესტონეთს აჯობა და C დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12831