ფეხბურთი

16:47 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდების ახალი მტერი: დუშან ვლაჰოვიჩის საოცარი 2021 წელი

ფლორენციის „ფიორენტინას“ ფორვარდი დუშან ვლაჰოვიჩი საოცარ ფორმაშია და მოედანს უგოლოდ არ ტოვებს. სერბ ფეხბურთელს 2021 წელს (არა სეზონში, არამედ 2021 წლის იანვრიდან დღემდე) სერია A-ში 32 გოლი აქვს გატანილი და ამ შედეგით მეორეა.

ბოლო 60 წლის განმავლობაში იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ სამმა ფეხბურთელმა მოახერხა ერთ კალენდარულ წელიწადში 30 გოლზე მეტის გატანა - ლუკა ტონიმ 2005 წელს თავი 31-ჯერ გამოიჩინა, ვლაჰოვიჩმა 2021 წელს 32-ჯერ და კრიშტიანუ რონალდუმ 2020 წელს 33-ჯერ. სერბს რონალდუს შედეგის გასაუმჯობესებლად ჩინებული შანსი აქვს, რადგან „ფიორენტინას“ სერია A-ში მიმდინარე წელს კიდევ ორი მატჩის ჩატარება მოუწევს („სასუოლოსთან“ და „ვერონასთან“) და შეუძლია კრიშტიანუზე უკეთესი შედეგი დააფიქსიროს.

გარდა ამისა, კონკრეტულად მიმდინარე სეზონში დუშანის აქტივში 15 გოლია და სერია A-ს ისტორიაში რიგით მესამე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა (21 წლის და 318 დღის), რომელმაც 17 ტურში თავი 15-ჯერ გამოიჩინა. მანამდე იგივე გააკეთეს ჟოზე ალტაფინიმ და ანტონიო ვალენტინ ანჯელინომ, ორივემ შორეულ 1958-1959 წლების სეზონში.

21 წლის სერბი ბომბარდირთა დავაშიც ლიდერია. მას „ფიორენტინასთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და უკვე ცნობილია, რომ ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს. შესაბამისად, ფლორენციელებმა ის ზაფხულში უნდა გაყიდონ და ვლაჰოვიჩის მსურველთა რიგები ყოველი ტურის მერე იზრდება, ისევე, როგორც ფასი. მისთვის ბრძოლაში ფავორიტად, რა თქმა უნდა, ინგლისური კლუბები სახელდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116053