ფეხბურთი

2:08 | 12.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" იბრაჰიმოვიჩმა გადაარჩინა, უღიმღამო "იუვენტუსი" უკვე ძველი ამბავია

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში ლიდერი „მილანი“ სტუმრად „უდინეზეს“ ეწვია და ქულები დაკარგა. უფრო სწორად, ქულა მოიპოვა, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთამდე მილანური გრანდი მარცხდებოდა.

„უდინეზემ“ თამაში კარგად დაიწყო და სწრაფადვე, მე-17 წუთზე ბეტოს გოლით დაწინაურდა. უდინელები კარგად ახერხებდნენ ლომბარდიული გრანდის გაკონტროლებას და გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. თუმცა, როცა მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, ყველაფერი შესაძლებელია. ზლატანმა საკუთარი გუნდი ჩვეულ სტილში გატანილი გოლით მარცხისგან იხსნა და ფრე - 1:1. სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 2000 წლის შემდეგ ტოპლიგებში 300 გოლი გაიტანა. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (483) და ლიონელ მესის (475) აქვთ. „მილანი“ 39 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს, მაგრამ კონკურენტებს ამ ტურში ჯერ არ უთამაშიათ და შეიძლება პირველი ადგილი დაკარგოს.

„იუვენტუსი“ კრიზისში არ არის, უბრალოდ ეს არის გუნდის დღევანდელი რეალობა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა სტუმრად „ვენეციასთან“ მორიგი უფერული თამაში აჩვენა და მორიგი ქულები გაანიავა. ალვარო მორატას გოლით ტურინელები იგებდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში გაუშვეს და მერე სიტუაცია ვეღარ შეცვალეს. „ბებერ ქალბატონს“ უკვე კარგა ხანია ფედერიკო კიეზა აკლია, ამ მატჩის დასაწყისშივე კი პაულო დიბალა დაუშავდა და მათ გარეშე „იუვენტუსი“ ძალიან ფერმკრთალი გუნდია. „იუვენტუსის“ სიძლიერე ყოველთვის დაგეგმილი ქულები მოპოვებაში მდგომარეობდა, ანუ, „ვენეციას“ მსგავს გუნდებთან იშვიათად კარგავდა ქულებს. მიმდინარე სეზონში კი სულ სხვა ვითარებაა: „უდინეზესთან“, „ემპოლისთან“, „სასუოლოსთან“, „ვერონასთან“ და „ვენეციასთან“ ტურინელებმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს! ხსენებულ ხუთ გუნდთან დაკარგული 13 ქულა რომ არა, ახლა „იუვენტუსი“ ცხრილის სათავეში იქნებოდა, თუმცა ამ „იუვენტუსს“ იქ არაფერი ესაქმება და დამსახურებულადაა მეშვიდე ადგილზე.

მოიგო ფლორენციის „ფიორენტინამ“, რომელმაც „სალერნიტანას“ 4:0 აჯობა და დუშან ვლაჰოვიჩმა მორიგი ორი გოლი გაიტანა. სხვათა შორის, ფლორენციელებს 30 ქულა აქვთ (უფრო მეტი, ვიდრე „იუვენტუსს“) და მეხუთე ადგილს იკავებენ.

„ფიორენტინა“ – „სალერნიტანა“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბონავენტურა (31), 2:0 ვლაჰოვიჩი (51), 3:0 ვლაჰოვიჩი (84), 4:0 მალე (90)

„ვენეცია“ – „იუვენტუსი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 მორატა (32), 1:1 არამუ (55)

„უდინეზე“ – „მილანი“ (1:0)

გოლები: 1:0 ბეტო (17), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (90)

თეგებისერია A
0.123259