რაგბი

15:23 | 7.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუთიაშვილი ახალი ენერგიით ბრუნდება - SUTI POWER ბორჯღალოსნებისთვის

ვეტერანი ბორჯღალოსანი შალვა სუთიაშვილი ბორჯღალოსნებს ახალი ფორმით უცვლელი ენერგიით უბრუნდება.

მისი კომპანია – SUTI POWER და საქართველოს რაგბის კავშირი პარტნიორები გახდნენ, რის შედეგადაც, ბორჯღალოსნები და ‘შავი ლომი’, ყოველი თამაშის წინ ჯანსაღი პროდუქტით დაიმუხტებიან.

შალვა სუთიაშვილმა ბორჯღალოსნების კვართით 2005-2020 წლებში 82 თამაში ჩაატარა და ორი ლელო გაიტანა. მან გუნდს 15 შეხვედრაში უკაპიტნა (მეოთხე მაჩვენებელი) და ბორჯღალოსნებმა ყველა მათგანი გამარჯვებით დაასრულეს. ის სამი მსოფლიო თასის (2011, 2015, 2019) მონაწილეა, 2007 წლიდან კი საფრანგეთში მოღვაწეობს და ამჟამინდელ კლუბ ‘ანგულემთან’, 37 წლის ასაკში ახალი, 1-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

აქტიური სპორტის პარალელურად, შალვა 2018 წლიდან მარკეტინგსაც ეუფლებოდა და საკუთარი გამოცდილებით, 2019 წელს მეუღლესთან – ნინო ბარაბაძესთან ერთად ტკბილეულის მწარმოებელი კომპანია „პროდლაინი“ დაარსა, რომელიც ძველი, ჩურჩხელას ტრადიციული რეცეპტით, თუმცა განსხვავებული ფორმისა და ნუტრიციულად გამდიდრებულ პროდუქტს აწარმოებს.

Suti Power – გაუმჯობესებული ტექნოლოგიითა და ახალი ფორმულით მზადდება, რომელიც ეფუძნება შესაბამის ლაბორატორიულ კვლევებს და ის ტრადიციულ ინგრედიენტებს: ყურძნის წვენის ნახარშს, ნიგოზს, თხილს და ნუშს შეიცავს. პროდუქტი წარმოადგენს ბუნებრივი ენერგიის წყაროს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გულის კუნთის მუშაობას, არეგულირებს ორგანიზმში ალკალინის მჟავების ბალანსს და აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს.

სწორედ ამ თვისებების გამო, Suti Power-ით სარგებლობენ: საფრანგეთის შეიარაღებული ძალები, ტოპ 14-ისა და პრო დე2-ის კლუბებისა და მორაგბეების დიდი ნაწილი, სპორტული აკადემიები და ინდივიდუალური სახეობების სპორტსმენები. მისი შეფუთვა და ფორმა, ასევე შენახვის ხანგრძლივი ვადა (1 წელი), ამ პროდუქტს განსაკუთრებულად უსაფრთხოს და მოსახერხებელს ხდის.

„ჩურჩხელა ყველა ქართველისთვის საყვარელი პროდუქტია, თუმცა, მთელი წლის განმავლობაში კარგი ჩურჩხელის შოვნა მუდამ პრობლემა იყო. გარდა ამისა, ის ტრადიციული, ქართული პროდუქტია, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ამზადებდნენ (დამტკიცებულია არქეოლოგიური გათხრებით) და ის მეომრებისთვის განსაკუთრებულ საკვებს წარმოადგენდა, რადგან არის ნოყიერი და სასარგებლო, მისი შენახვა კი, სპეციალური პირობების გარეშე, ხანგრძლივი დროითაა შესაძლებელი. მაგრამ ფორმისა და შეფუთვის გამო, მისი დაგემოვნება ყველასთვის კომფორტული არ იყო, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც ჰიგიენურ ნორმებს დიდი ყურადღება ექცევა“ – იხსენებს იდეის დაბადებას სუთიაშვილი.

სწორედ ამიტომ, გაჩნდა აზრი, რომ ჩურჩხელა სხვა ფორმით და შეფუთვით დამზადებულიყო. შალვამ პროდუქტს საფრანგეთში ჩაუტარა ანალიზები და მცირედი ცვლილებების შემდეგ მიიღო სრულიად ახლებური ფორმულა, რაც მოიაზრებდა ფრუქტოზის მომატებას, შაქრის დონის დაწევას და ა.შ. მან სოფელ დიღომში, საკუთარ მიწაზე ააგო ევროპული სტანდარტების საწარმო, სადაც პროდუქტის წარმოება დაიწყო:

„აღმოჩნდა, რომ საფრანგეთში მსგავსი პროდუქტის დეფიციტი იყო და მან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. იყო შემოთავაზება, რომ მისი წარმოება საფრანგეთში, სპეციალური დანადგარების მეშვებით დაგვეწყო, თუმცა ჩემი პრინციპია, რომ ის აუცილებლად მზადდებოდეს საქართველოში და მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მანქანა-დანადგარების როლი, რათა არ დაიშალოს ის გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში შეიკრა“.

Suti Power-ის პროდუქცია, რომელსაც თავიდან „ფურჩხელა“ ეწოდებოდა, ბორჯღალოსნებისთვის 2019 წლიდან იყო ცნობილი. შალვამ ის 2019 წლის მსოფლიო თასზეც წაიღო, თუმცა სანაკრებო კარიერის დასრულებამ და პანდემიამ, გარკვეული პერიოდით წყვეტა გამოიწვია, ახლა კი სუთიაშვილი ნაკრებს ახალი ენერგიით უბრუნდება:

„ბიჭებს ეს პროდუქტი ყოველთვის მოწონდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკრებში აღარ ვიყავი, ეს ურთიერთობები ბუნებრივად შეწყდა, რასაც პანდემიაც დაერთო. ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როდესაც რაგბის კავშირიდან დამიკავშირდნენ და პარტნიორობა შემომთავაზეს. მე დღესაც ვთვლი, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ასე იქნება ყოველთვის და ნაკრებში განსხვავებული ფორმით დიდი სიხარულით დავბრუნდი. მართალია ასაკის მატებასთან ერთად სპორტული კარიერა დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ჩემი გული მუდამ ქართულ რაგბთან იქნება. სწორედ ქართულმა რაგბმა მომცა ის ყველაფერი, რაც გამაჩნია და მისი განვითარებისთვის ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალია. მიხარია, რომ უფროსი თუ ჩემი თაობის ძალიან ბევრი მორაგბე, სხვადასხვა ფორმით დღესაც ჩართულია რაგბში. სპორტული კარიერა სრულდება, მაგრამ რაგბის განვითარებისთვის მოედნის გარედანაც შეიძლება ზრუნვა“.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ხურციძე მოხარულია, რომ ახალი თაობის ვეტერანი ბორჯღალოსნები აქტიურად არიან ჩართულნი ქართული რაგბის წინსვლაში და ამბობს:

„სასიხარულოა, რომ ნაკრების გამორჩეული მორაგბეები სხვადასხვა ფორმით ბრუნდებიან და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქართული რაგბის წინსვლას ახმარენ: დავით კაჭარავა და მამუკა გორგოძე რაგბის კავშირის გამგეობაში არიან; შალვა ჯანსაღი პროდუქტით დაგვიბრუნდა; გია ლაბაძე და ბესიკ ხამაშურიძე 7-კაცაშია; გიორგი ნემსაძე ბავშვთა რაგბში; პალიკო ჯიმშელაძე აჭარის რეგიონში განათლებას კურირებს და კიდევ არაერთი სხვადასხვა თაობის ბორჯღალოსანია ჩართული როგორც რაგბის კავშირის, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი თუ ფორმაციის ნაკრებისა და ქართული კლუბების მუშაობის პროცესში“.

„ისინი არიან დამსახურებული მორაგბეები, რომლებიც წლების განმავლობაში ასახელებდნენ საქართველოს და მათი ჩართულობა, რაგბისადმი სიყვარული უმნიშვნელოვანესია ქართული რაგბის მომავლისთვის. ჩვენი მიზანია, რომ ეს გამოცდილება არ დაიკარგოს. ვისაც აქვს სურვილი და სათანადო კვალიფიკაცია კონკრეტულ პოზიციაზე, ჩვენი კარი ნებისმიერისთვის ღიაა“.

„რაც შეეხება Suti Power-ს, შალვა სუთიაშვილმა ის ხანგრძლივი სპორტული კარიერით მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნუტრიციოლოგებთან ერთად შეიმუშავა ძალიან კარგი პროდუქტი, რომლის საფუძველი არის ჯანსაღი და ეკოლოგირად სუფთა ჩურჩხელა. ახალ პროდუქტში მისი ფორმულა კიდევ უფრი დახვეწილია, მიღებულია ოპტიმალური შემადგენლობა და ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის სასარგებლოა სპორტსმენისთვის“.

„ბორჯღალოსნები ამ პროდუქტს ადრეც მოიხმარდნენ, ძალიან მოსწონდათ და საფრანგეთში ვიზიტისას შალვას ამ საკითხზე ვესაუბრეთ. მან გამოთქვა კეთილი ნება, ამ ფორმით დაბრუნებოდა ნაკრებს და გაფორმდა პარტნიორული ხელშეკრულება, რის თანახმადაც ბორჯღალოსნები და ‘შავი ლომი’ Suti Power-ს სარეკლამო სივრცის სანაცვლოდ მიიღებენ. პირდაპირ რომ მოეყიდა, ეს მისთვის უფრო რენტაბელური იქნებოდა, მაგრამ როგორც ნაკრების გამორჩეულმა წევრმა, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც შესანიშნავი პროდუქტი საფრანგეთის ფარგლებსაც გასცდება და მთელს მსოფლიოში წარმატებული გახდება“.

rugby.ge

0.151545