ფეხბურთი

2:00 | 6.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და "ფიორენტინა" ოთხეულთან, შევჩენკოს "ჯენოა" უმძიმეს ვითარებაში

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის მთავარი მატჩები შაბათს გაიმართა, მაგრამ კალჩოს ქომაგს მოსაწყენად საქმე არც კვირას ჰქონია.

ტურინის „იუვენტუსმა“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ხასიათი გამოიკეთა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ანდრეი შევჩენკოს „ჯენოა“ მოკრძალებულად, 2:0 დაამარცხა, მაგრამ უდიდეს უპირატესობას ფლობდა და რომ არა სალვატორე სირიგუს დიდებული გარჯა, ალბათ, სხვაობა ძალიან დიდი იქნებოდა. „იუვე“ მეცხრე წუთზე ხუან კუადრადომ დააწინაურა, რომელმაც პირდაპირ კუთხურდან ჩაახვია და ფანტასტიკური გოლი შეაგდო. მეორე გოლი პაულო დიბალას აქტივშია, ეს 82-ე წუთზე. ამ გოლებს შორის კი სირიგუ დაფრინავდა და რისი აღება შესაძლებელი იყო ან არ იყო, ყველაფერი აიღო... წარმოუდგენელი მატჩი ჰქონდა. სხვათა შორის, „ჯენოას“ არც კარისკენ დაურტყამს და ბუნებრივია, არც კარში. შევჩენკოს ხელმძღვანელობით გენუელებმა მეოთხე მატჩი ჩაატარეს და გოლი არ გაუტანიათ - 1 ფრე, 3 წაგება. თუმცა, რთული კალენდარიც ჰქონდათ („რომა“, „უდინეზე“, „მილანი“ და „იუვე“). ტურინული გრანდი მეხუთე ადგილზე აღზევდა, მაგრამ ოთხეულს ჯერ მოწყვეტილია - 7 ქულით.

საოცრებები მოხდა ვენეციაში, სადაც ადგილობრივი გუნდი „ვერონას“ 3:0-ს ამარცხებდა პირველი ტაიმის მერე, მაგრამ მაინც წააგო. მეორე ნახევარში იგორ ტუდორის გუნდმა ოთხჯერ გაიტანა და სამი ქულა მოიპოვა. გადამწყვეტი ჯოვანი სიმეონე იყო, რომელმაც ბოლო ორი გოლი გაიტანა და დუბლით საკუთარ გუნდს მოაგებინა. არგენტინელს უკვე 11 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირობისთვის იბრძვის. ის ისტორიაში მეორე ლეგიონერია სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც ოთხი სხვადასხვა გუნდის მაისურით სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა („ჯენოა“, „კალიარი“, „ფიორენტინა“, „ვერონა“) და იგივე მხოლოდ ერნან კრესპოს აქვს მოხერხებული („პარმა“, „ლაციო“, „ინტერი“ და „მილანი“).

რომის „ლაციომ“ ცუდი სერია შეწყვიტა და გენუაში, „სამპდორიას“ 3:1 მოუგო. აქ ყველაფერი პირველივე ტაიმში გაირკვა, როცა ჩირო იმობილემ დუბლი შეასრულა, ხოლო მანამდე ანგარიში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა. „ლაციო“ ჯერჯერობით მერვე ადგილზეა, მაგრამ ხუთეულთან ერთ ნაბიჯშია.

„სასუოლო“ სტუმრად ორბურთიანი უპირატესობით აგებდა „სპეციასთან“, თუმცა ჯაკომო რასპადორის დუბლით ქულა გადაარჩინა, ხოლო „ფიორენტინამ“ გასვლაზე „ბოლონიას“ 3:2 მოუგო და მეხუთე ადგილს „იუვესთან“ ერთად იყოფს. ისევ გაიტანა დუშან ვლაჰოვიჩმა, რომელიც 13 გოლით ბომბარდირთა დავას იმობილესთან ერთად ლიდერობს. სერბი საოცარ ფორმაშია და ფაქტია, რომ ფლორენციაში დიდხანს არავინ გააჩერებს.

მე-16 ტური ორშაბათს „კალიარი“ – „ტორინოსა“ და „ემპოლი“ „უდინეზეს“ მატჩებით დასრულდება.

„იუვენტუსი“ – „ჯენოა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კუადრადო (9), 2:0 დიბალა (82)

„სამპდორია“ – „ლაციო“ 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (7), 0:2 იმობილე (17), 0:3 იმობილე (37), 1:3 გაბიადინი (89)

„სპეცია“ – „სასუოლო“ 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 მანაი (35), 2:0 ჯაზი (48), 2:1 რასპადორი (66), 2:2 რასპადორი (79)

„ვენეცია“ – „ვერონა“ 3:4 (3:0)

გოლები: 1:0 ჩეკარონი (12), 2:0 კრნიგოი (19), 3:0 ანრი (28), 3:1 ანრი (52, ა.გ), 3:2 კაპრარი (65, პენ), 3:3 სიმეონე (67), 3:4 სიმეონე (85)

„ბოლონია“ – „ფიორენტინა“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 მალე (33), 1:1 ბაროუ (42), 1:2 ბირაგი (51), 1:3 ვლაჰოვიჩი (67, პენ), 2:3 ჰიკი (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099766