რაგბი

13:57 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა | მეორე წრე ლიდერთა მარცხით დაიწყო

პირველი ლიგის მეორე წრის დებიუტი ლიდერთათვის დანავსული გამოდგა. პირველობის ლიდერმა ‘არმიამ’ პირველი მარცხი იწვნია და მდევარ ოზურგეთის ‘არწივებთან’ ერთად უქულოდ დარჩა, რითაც სატურნირო კიბეზე 6-ქულიანი ჰანდიკაპი შეინარჩუნა.

‘ხვამლმა’ კი მოწინავე კვარტეტში მყოფ ორ გუნდთან მიჯრით მოგებით მესამე პოზიცია შეინარჩუნა და ცხრილში ქულებით ტოლ-სწორ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ კვლავ უკეთესი პირისპირ ბალანსით აღემატება. პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ ზედიზედ მესამე გამარჯვებით ლიდერთა ოთხეულთან ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა. თელავის ‘ჭადარმა’ სეზონში პირველი მოგებით ცხრილში ადგილი გორის ‘ჯიქს’ გაუცვალა და შიდა ქართლელები ბოლო ადგილზე განათავსა.

პირველი ლიგის მეათე ტურის ‘არმია’-ტაოს’ გამორჩეულ შეხვედრას „ხვამლი არენამ“ უმასპინძლა. ქომაგი შემტევი, ლაღი, შედეგიანი თამაშის მომსწრე შეიქნა, რომლის დიდი ნაწილი მესხების უპირატესობით წარიმართა და სეზონში „არმიელთა“ პირველი მარცხით დასრულდა – 36:26.

მაღალი სათამაშო დისციპლინის, შეტევის უკეთ ორგანიზებისა და მწყობრი სტატიკის ხარჯზე ‘ტაო’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა, რასაც პირველ ტაიმში მესხების 3 გატანილი ლელო (მოლის მრავალჯერადი ჩაქცევისთვის ტექნიკური ლელო; კვაჭი მერაბ მაჭარაშვილი; მარბიელი გიორგი კბილაშვილი) და 10-ქულიანი უპირატესობა მოჰყვა. მეორე ნახევრის დებიუტში მალხაზ ჭეიშვილისა და სანდრო ესაკიას შეგირდებმა მონაგარს კიდევ 2 ლელო წაუმატეს და ანგარიშში უპირატესობა გაიღრმავეს, რის შემდგომღა მოახერხა პირველობის ლიდერმა თამაშის დალაგება.

„არმიელთა“ უკანა ხაზი ჩვეულ სისწრაფეზე ამოქმედდა, თუმცა დარჩენილ დროში ჰავბეკ რამაზ ჯინაშვილისა და მარქაფადან ჩართული ფრთის ლევან ხუროშვილის დადებულმა ლელოებმა ბექა სხულუხიას ბიჭები მარცხისაგან ვერ იხსნა (‘არმიას’ გატანილი 4-ივე ლელო ხაზის მოთამაშეთა ანგარიშსზეა) და ‘ტაო’ ოდენ ბონუსის გარეშე დატოვა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ლეგენდარული და უბერებელი ბორჯღალოსანის გოშა შკინინის საუცხოო თამაში. რეაქტიული სისწრაფით გამორჩეულმა ‘ტაოს’ 38 წლის ფულბეკმა ჩვეულ სტილში ლელოს გატანაც მოახერხა და თან თანაგუნდელთა დადებულ ყველა ლელოში უშუალო მონაწილეობა მიიღო.

„ხვამლი არენაზე“ ტურის კიდევ ერთ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მუხიანში, ადგილობრივი ‘ხვამლი’ დიდი 10-ის საგზურის კიდევ ერთ მთავარ მაძიებელ ‘არწივებს’ დაუხვდა. გურულებს მიზეზთა გამო ძირითადის რამდენიმე მოთამაშე აკლდათ და თან მწირი მარქაფას ყოლის გამო, სრულფასოვან შეცვლებს მოკლებულმა გია ამირნახანაშვილის გუნდმა ჩვეული ოსტატობის დემონსტრირება ვერ მოახერხა.

‘ხვამლი’ მატჩის პირველივე წუთებიდან მოყოლებული დომინირებდა და სტუმრებს ტაიმებში 2-2 ლელო გაუნაწილა. პირველ ნახევარში ლელოს გატანა მარბიელმა ბაჩანა ბაიხოძემ და მღლეტელმა ჰამლეტ გოგიამ მოახერხეს, მეორე ტაიმში კი ხელი მარქაფადან ჩართულებმა: მარბიელმა საბა კურტანიძემ და ბურჯმა ზაურ სურამელმა გამოიღეს. დავით ცხვედიანის ბიჭები მეტოქეზე სწრაფად მოქმედებდნენ, ხაზს ხშირად ჭრიდნენ, უპირატესობას სტატიკაშიც ფლობდნენ და მეორე ნახევარში მკვეთრად შემცირებული ჯარიმების ხარჯზე ანგარიშში 13-ქულიანი სხვაობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს. ‘არწივებმა’ საკუთრივ 2 ლელო გაიტანეს, რითაც მუხიანელებს ბონუსის აღება არ დაანებეს – 35:12.

ვაზისუბნის სარაგბო არენაზე, ცხრილში მეზობლად მყოფების, ‘არმაზისა’ და ‘ბაგრატის’ შეხვედრა უხვქულიანი და უაღრესად დაძაბული გამოდგა. ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი და მეტოქეთა მხრიდან 5-5 გატანილი ლელო იხილა. პირველ ნახევარში უკეთ რიონისპირელები ირჯებოდნენ და 4 დადებული ლელოს (ფრთა ზურაბ ჩხობაძე-„დუბლი“) წყალობით შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ტაიმში ‘არმაზი’ საგრძნობლად გააქტიურდა. ქვემო ქართლელებმა უპირატესობა სტატიკასა და დერეფანში მოიპოვეს, ოვალიც სწრაფად გაშალეს და მიჯრით 4 ლელოს გატანა მოახერხეს. მასპინძელთა მღლეტელი რატი ზაზაძე და კვაჭი ლუკა ბეჭვაია „დუბლით“ გამოირჩნენ. მატჩის მიწურულს, შუამარბ გია ცნობილაძის დადებულმა ლელომ გვიან გამოფხიზლებული ‘ბაგრატი’ მხოლოდ ნუგეშს დააჯერა – 35:31. სეზონში მეხუთე მოგებით, ‘არმაზმა’ რიონისპირელებს ცხრილში ადგილი გაუცვლა, მეექვსე პოზიციას დაუბრუნდა და პლეი ოფში მოხვედრის გარკვეული შანსიც შეინარჩუნა.

პატარძეულში, ‘ვეფხვებმა’ ლიგის დებიუტანტ ‘ბორჯომს’ უმასპინძლეს და მატჩი დაგეგმილი ბონუსით -36:12 (ლელოები: 6-2) მოიგო. გარე კახელები უპირატესად აქცენტს სტატიკაზე აკეთებდნენ და საწყისი 2 ლელო თორელებს მოლით დაუდეს. ‘ვეფხვების’ წარმატებას სათავე ბურჯ ალექსი მუჩიაშვილის ლელომ დაუდო, წერტილი კი მღლეტელ ბაჩო წიქარიშვილის ლელომ დაუსვა. მარქაფადან ჩართულმა მხტომელმა ვეფხია უსტიაშვილმა „დუბლი“ შეასრულა. მეორე ტაიმში წყვილი ლელოს დადება ასევე თორელთა შუამარბმა ნიკა დიღმელაშვილმა მოახერხა, რასაც მატჩის საერთო სურათზე გავლენა არ მოუხდენია.

თელავის ‘ჭადარმა’ ნავსი გორში გატეხა და ადგილობრივი ‘ჯიქის’ ძლევით – 30:22 სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, რამაც გია ჭუმბურიძის შეგირდებს ცხრილში ბოლო ადგილისაგან თავის დაღწევის შესაძლებლობა მისცა. მასპინძლებზე 1-ით მეტი, კახელების გატანილი 4 ლელოდან, ხაზის მოთამაშეებმა თავი 3-გზის გამოიჩინეს. ‘ჭადარის’ გამარჯვებაში, შესრულებული „დუბლითა“ და გააზრებული თამაშით ლომის წილი ფრთა ლუკა ნაყეურმა დაიდო. ნიკო ჭავჭავაძის ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩის ბოლო ლელო ‘ჯიქის’ ფრთა ბექა ბრეგვაძემ მიითვალა, თუმცა ჰავბეკ ნიკა შანიძის ხელსაყრელი პოზიციიდან გაცუდებულმა გარდასხვამ შიდა ქართლელები ნუგეშის გარეშე დატოვა.

თეგებიარმია
0.152007