ფეხბურთი

2:18 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

განსაკუთრებული ბრძოლა სკუდეტოსთვის: 4 გუნდი და 4 ქულა

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს - „მილანი“. „როსონერიმ“ „ნაპოლის“ გადაასწრო, მაგრამ ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ოთხი გუნდია ჩაბმული და ეს გადაჭარბებული შეფასება არაა.

„მილანმა“ შინ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან იოლად დაამარცხა. სტეფანო პიოლის გუნდმა საწყის 18 წუთში ორი გოლი გაიტანა და მერე ძალები დაზოგა, რადგან კალენდარი მჭიდროა და წინ შავ-წითლებს ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ გადამწყვეტი მატჩიც ელოდებათ.

„ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა. ვიქტორ ოსიმენის, ფაბიან რუისის, ზამბო ანგისას, ლორენცო ინსინიესა და კალიდუ კულიბალის გარეშე დარჩენილმა ლუჩანო სპალეტის გუნდმა შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ წააგო და პირველი პოზიციიდან მესამემდე დაქვეითდა. „ნაპოლი“ ჯერ აგებდა, მერე ორჯერ გაიტანა და დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მერიჰ დემირალისგან და რემო ფროილერისგან ორი გოლი მიიღო და მარცხი განიცადა - 2:3.

ჟოზე მოურინიოს მილანის „ინტერის“ წინააღმდეგ თამაში პირველად მოუწია და კარგად არ უნდა გაახსენდეს. „რომას“ ძალიან დიდი დანაკლისი ჰქონდა და ეს შეხვედრაზე აისახა. მილანელებმა „სტადიო ოლიმპიკოზე“ უბრალოდ გაისეირნეს. ჰაკან ჩალჰანოღლუმ პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა და ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ საგოლე გადაცემა ედინ ჯეკოს გაუკეთა. პირველი ტაიმის ბოლოს დენზელ დუმფრისმაც შეაგდო და 0:3. „რომას“ ქულის მოპოვების შანსიც არ მისცემია და მოქმედმა ჩემპიონმა სერიოზული პერფორმანსი შემოგვთავაზა.

სატურნირო ცხრილში კი ძალიან საინტერესო ვითარებაა; „მილანი“ 38, „ინტერი“ 37, „ნაპოლი“ 36 და „ატალანტა“ 34 ქულა. როგორც ხედავთ ოთხ გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ 4 ქულაა და ცხადია, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ყველა ჩართულია. ყოველშემთხვევაში, ახლა ასეთი ვითარებაა. აი, ოთხეულს მიღმა მყოფი გუნდები უკვე შორს არიან და დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგის ზონა სწორედ ამ გუნდებმა დაკომპლექტონ.

„მილანი“ – „სალერნიტანა“ 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 კესიე (5), 2:0 სელმაეკერსი (18)

„რომა“ – „ინტერი“ 0:3 (0:3)

გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (15), 0:2 ჯეკო (24), 0:3 დუმფრისი (39)

„ნაპოლი“ – „ატალანტა“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 მალინოვსკი (7), 1:1 ზიელინსკი (40), 2:1 მერტენსი (47), 2:2 დემირალი (66), 2:3 ფროილერი (71)

თეგებისერია A
0.154211