ფეხბურთი

11:33 | 5.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" ფეხბურთელები "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ: "სკანდალური მსაჯობა იყო"
"მსაჯს, რომელსაც კარიერაში გარიგებული მატჩი ჰქონდა, რას უნდა ელოდო?"

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ 3:2 დაამარცხა და გამარჯვების გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა, რამაც „ბორუსიას“ ფეხბურთელების უკმაყოფილება გამოიწვია.

ნამატჩევს ჯუდ ბელინგემმა ფელიქს ცვაიერის წარსული გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისგან სხვა არაფრის მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო, რადგან წარსულში გარიგებულ მატჩებთან შეხება ჰქონდა.

„ვფიქრობ, ეს არ იყო პენალტი. ჰუმელსი ბურთს არც კი უყურებდა, მისთვის იბრძოდა და ბურთი საერთოდ არ დაუნახავს. ამ თამაშში შეგიძლიათ მსაჯის სხვა გადაწყვეტილებებიც ნახოთ. როდესაც გერმანიაში ყველაზე დიდ მატჩზე ნიშნავ მსაჯს, რომელსაც კარიერაში გარიგებული მატჩი ჰქონდა, რას უნდა ელოდო?“, - თქვა ბელინგემა თამაშის შემდეგ.

კომენტარი გააკეთა გერმანული გუნდის ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმაც, რომელმაც ასევე მსაჯი გააკრიტიკა.

„სკანდალური მსაჯობა იყო. როისის მომენტი აშკარა პენალტი იყო. რატომ არ გამოიყენა მსაჯმა VAR-ი? მე ვკითხე კიდეც რატომ არ წავიდა და არ უყურა. ქედმაღლურად მითხრა, რომ ეს საჭირო არ იყო. ის ქედმაღლურად მოიქცა და ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა ჰოლანდმა.

შეგახსენებთ, ფელიქს ცვაიერი რობერტ ჰაიცერის საქმეში მონაწილეობდა და 6 თვით მსაჯობა აკრძალული ჰქონდა, რადგან მან იცოდა ჰაიცერის საქმიანობის შესახებ, მაგრამ ამის თაობაზე არაფერი თქვა. „ბაიერნმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და „დორტმუნდს“ 4 ქულით უსწრებს.

0.113709