რაგბი

14:18 | 29.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუბაიში 7-კაცაც ბრუნდება

საქართველოს 7-კაცა ნაკრები დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ბრუნდება და 2-4 დეკემბერს International Invitation Man-ზე ითამაშებს.

დუბაიში მსოფლიო სერიის ერთ-ერთი ეტაპის ჩატარება დიდი სარაგბო ზეიმია და პარალელურად სხვადასხვა კატეგორიისა თუ ასაკის არაერთი ტურნირი იმართება. მათ შორის ყველაზე პრესტიჟულია International Invitation Man, რომელზეც წვეული გუნდები მონაწილეობენ. ესენი არიან ელიტური 7-კაცა ნაკრებების მეორე გუნდები, ეროვნული ნაკრებები, პროფესიონალური 7-კაცა კლუბები და 7-კაცას წვეული გუნდები (ბარბაროსების სტილში).

საქართველოს 7-კაცა 2 დეკემბერს, ჩვენი დროით 14:20 საათზე განვითარებად ირლანდიას, ხოლო 16:20 საათზე TICINO 7 ეთამაშება, რომელიც 2011 წელს იტალიელების მიერ შვეიცარიაში დაარსებული 7-კაცა გუნდია და მის შემადგენლობაში იტალიელების გარდა წამყვანი სარაგბო ქვეყნებიდან ლეგიონერებიც თამაშობენ. 3 დეკემბერს 18:40 საათზე ფრანგულ ‘ფორს’ შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ნაკრებია და ამ შედეგების მიხედვით გაირკვევა რომელი ადგილისთვის გააგრძელებს ბრძოლას საქართველო, რომელსაც 3 დეკემბერს ერთი და 4 დეკემბერს კიდევ ორი თამაში ექნება.

ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა – ბესიკ ხამაშურიძემ და გია ლაბაძემ კანდიდატების შერჩევის პროცესი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყეს, ორშაბათს კი 14 მორაგბე „შევარდენზე“ შეკრებაზე შეიყვანეს და მათგან 12-ს შეარჩევენ.

ხამაშურიძე 7-კაცა ნაკრებთან წლებია მუშაობს, თუმცა მთავარი მწვრთნელის რანგში გუნდს პირველად წარუძღვება:

„რაგბში რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო, ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია – მივცე ქართულ რაგბს ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დამიგროვდა. მქონდა საუბარი კავშირის ხელმძღვანელობასთან და შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია 7-კაცა პროფესიონალური გახდეს. სამწუხაროდ, ბოლო წლებში 7-კაცაში არ გვაქვს ის შედეგები, რასაც მიჩვეული ვიყავით და რაც ქართულ რაგბს ეკადრება. ამის მიზეზი სწორედ პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. ფაქტობრივად ყველა ტურნირზე გუნდი სხვადასხვა შემადგენლობით მიდიოდა და ასეთ დროს რაიმე შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. მნიშვნელოვანია, რომ გამოინახოს ფინანსები და ‘შავი ლომის’ მსგავსად, 7-კაცასთვისაც მოხდეს მოთამაშეების დაკონტრაქტება და შეიქმნას მოთამაშეთა რესურსი, რომლის იმედი ყოველთვის გვექნება და არ ვიქნებით დამოკიდებული კლუბების სურვილზე“.

საქართველოს 7-კაცა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში გაიმართება და ამავდროულად, ის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. 7-კაცა მსოფლიო თასს სექტემბერში სამხრეთ აფრიკა, კეიპტაუნი უმასპინძლებს. ხამაშურიძე ამბობს, რომ დუბაის ტურნირი ოფიციალური ჩემპიონატის წინ სასელექციო ეტაპია:

„ჩვენი მიზანია, რომ ზაფხულში გასამართი ოფიციალური ტურნირებისთვის შევქმნათ საფუძველი. თითქმის ერთი თვეა მოთამაშეთა ჯგუფი ორშაბათს და სამშაბათს ჩვენთან ვარჯიშობს და მათ შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე შეგვექმნა. დუბაის ტურნირი არის ერთ-ერთი სასელექციო ეტაპი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გაფართოებულ შემადგენლობაში მხოლოდ 14 მოთამაშე გვყავს და მათგან 12 უნდა შევარჩიოთ. დუბაიდან დაბრუნების შემდეგ მეორე ჯგუფს დავაკვირდებით, რათა ზაფხულს მეტ-ნაკლებად მომზადებული შევხვდეთ. სამომავლოდ დიდი მიზნები გვაქვს და კავშირის ხელშეწყობასთან ერთად, მათ შესასრულებლად საუკეთესოები გვჭირდება“.

„რაც შეეხება თავად დუბაის, მძიმე თამაშები გველოდება. უნდა შევხვდეთ გუნდებს, რომელთაც უკვე გადადგეს პროფესიონალიზმისკენ ნაბიჯი და მათ პირველ და მეორე ნაკრებებს შორის დიდი სხვაობა არაა. ამ ქვეყნებს ყავთ 7-კაცას მოთამაშეთა საკმარისი რესურსი და ხშირ შემთხვევაში მეორე შემადგენლობაში მყოფი მორაგბე უფრო მონდომებით თამაშობს, რათა პირველ გუნდში დაწინაურდეს“.
აღსანიშნავია, რომ ბესიკ ხამაშურიძესთან ერთად საქართველოს 7-კაცას კიდევ ერთი ვეტერანი ბორჯღალოსანი, გია ლაბაძე წვრთნის, რომელიც ნაკრებში 1996-2012 წლებში თამაშობდა, მათ შორის 7-კაცაშიც. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, ის საფრანგეთში მოღვაწეობდა, ახლახანს კი სამშობლოში დაბრუნდა და 7-კაცასთან ერთად ბავშვთა რაგბის განვითარებაშიც ჩაერთო:

„მე და გიას დღეს და გუშინ არ გაგვიცნია ერთმანეთი. წლებია ერთად მოვდივართ და არაერთხელ გვითამაშია ერთმანეთის მხარდამხარ. ის აქტიურად ჩაერთო საწვრთნელ პროცესში და ორივე ერთად ვაკეთებთ საერთო საქმეს. ჩვენ არ ვანსხვავებთ ფუნქციებს და დამხმარე და მთავარი მწვრთნელი მხოლოდ ფურცელზე წერია, საქმეში კი თანასწორები ვართ და იმედია ერთად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“ – დაამატა ხამაშურიძემ.

ლეგენდარულმა გია ლაბაძემ ის შეგრძნება, რასაც ნაკრებთან ერთად შეკრებაზე ყოფნა ქვია თითქმის 10-წლიანი შესვენების შემდეგ გაიხსენა:
„ძალიან მენატრებოდა ნაკრებთან ერთად ყოფნა და მოხარული ვარ, რომ სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე მომეცა ამ შეგრძნების გახსენების შესაძლებლობა. ჩემთვის დიდი პატივია ასეთი ნდობა და ასევე პასუხისმგებლობა ქართული რაგბის წინაშე. მოტივირებული ვარ და მწამს, ჩვენ შეგვიძლია ელიტაში დაბრუნება. ეს მხოლოდ სურვილი არაა, ამისი მართლა მჯერა და ყველანი ერთად, მაქსიმუმს გავიღებთ მიზნის მისაღწევად“.
„ვფიქრობ, საქართველოში არის იმის რესურსი, რომ მაღალი დონის 7-კაცა გვყავდეს, თუმცა ამისათვის საჭიროა პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. ჩვენ აქცენტს ახალგაზრდებზე ვაკეთებთ, რომლებიც 20-წლამდელთა ნაკრებში დიდ გამოცდილებას იძენენ. ‘შავი ლომის’ შექმნამ გაზარდა კონკურენცია, რაც ამაღლებს მოთამაშეთა ხარისხს და კავშირის ხელმძღვანელობისგანაც გვაქვს პირობა, რომ 7-კაცას სათანადო ყურადღება მიექცევა“.

„დუბაის ტურნირისთვის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა. ერთი თვეა რაც ვვარჯიშობთ, თუმცა ორშაბათობით კვირას ნათამაშებ მორაგბეებს აღდგენები ჰქონდათ. ამ კვირის დასაწყისიდან შეკრებაზე ვართ და აქცენტს საბაზისო ელემენტებზე ვაკეთებთ. გუნდის აშენებას პირობებთან ერთად დროც უნდა, თუმცა ამ ტურნირზე დავინახავთ სწორ გზაზე ვდგავართ თუ არა და პატარ პატარა ნაბიჯებით მივალთ იმ მთავარ მიზნამდე, რასაც ელიტაში დაბრუნება ქვია“.

საქართველოს 7-კაცას გაფართოდებული შემადგენლობა დუბაის ტურნირის წინ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), პაატა ბურჭულაძე (ხარები, რუსთავი), თემურ კოხოძე (აია, ქუთაისი), ირაკლი სიმსივე (აია, ქუთაისი), კონსტანტინე ნახუცრიშვილი (აია, ქუთაისი), ივანე ხელაია (აკადემია), ლუკა დვალიშვილი (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), ბიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი, სტეფანწმინდა), გიორგი მარგალიტაძე (ლელო), ლაშა გედეხაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ბაქარ ზედგინიძე (ხარები, რუსთავი).

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე

მწვრთნელები: გია ლაბაძე, გიორგი მაისურაძე

RUGBY.GE

0.143312