კალათბურთი

23:28 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "ჩემი პირველი ოცნება NBA-ში წასვლა არ ყოფილა, არამედ ჩემი ქვეყნისთვის თამაში"

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ უკრაინასთან (88:83) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისი პირველი ოცნება და მოტივაცია ყოველთვის საქართველოს ნაკრებში თამაში იყო და დღემდე არაფერი შეცვლილა.

„ძალიან რთული თამაში იყო. მადლობა ყველა ადამიანს, რომელიც აქ მოვიდა გვამხნევებდა. ეს ენერგია ძალიან გვჭირდებოდა და ძალიან დაგვეხმარა. ვულოცავ უკრაინის ნაკრებს ძალიან კარგ თამაშს. თუმცა, ბედნიერი ვარ გამარჯვებით, ვფიქრობ, სამწვრთნელო შტაბმა შესანიშნავად იმუშავა, რადგან მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო იყო. ძალიან ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით, სამწვრთნელო შტაბით, ექიმებით და მთელი გუნდით.

ჩემი მოტივაცია ნაკრებში თამაშზე? იგივეა, რაც ბავშვობაში. ყოველთვის ვოცნებობდი ნაკრებში თამაშზე და გულწრფელად გითხრათ, ჩემი პირველი ოცნება არ ყოფილა NBA-ში წასვლა, არამედ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა და ჩემი ქვეყნისთვის თამაში იყო. ეს მოტივაცია მქონდა პირველივე დღიდან და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა“, - თქვა შენგელიამ.

თორნიკე შენგელიამ 33 წუთში 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან განსაკუთრებით კარგად მეოთხე პერიოდი ჩაატარა და აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედში მცირე ტრავმაც მიიღო. თორნიკემ გუშინ ევროლიგაში ცსკა-ს მაისურით ითამაშა, მიუხედავად ამისა, თბილისში ჩამოსვლა მოასწრო და 24 საათზე ნაკლებ დროში ორი მატჩი ითამაშა.

შეგახსენებთ, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრება, იმავე დღეს კი უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჯგუფიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138605