ფეხბურთი

20:10 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დოკუმენტური ფილმი "იუვენტუსზე": აცრემლებული რონალდუ და კამათი კუადრადოსთან (+VIDEO)

Amazon Prime-მ ტურინის „იუვენტუსზე“ დოკუმენტური ფილმი გადაიღო - „ყველაფერი ან არაფერი“, რომელშიც გასული, 2020-2021 წლების სეზონია ასახული. რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო დეტალი უკვე გახდა ცნობილი და მომავალშიც მეტი დეტალი გახდება საჯარო.

ამჯერად, ყურადღება მიიქცია კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც „პორტუსთან“ საპასუხო მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ძალიან გაბრაზებული შევიდა, ცრემლებსაც ვერ იკავებდა და ხუან კუადრადოსთანაც იკამათა. იმ დროისთვის „იუვე“ 0:1 მარცხდებოდა, ხოლო პირველი თამაში 1:2 ჰქონდა წაგებული და ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენასთან.

„მეტი უნდა გავაკეთოთ“, - ყვირის გასახდელში შესული რონალდუ - „რა ჯანდაბაა! საერთოდ არ ვთამაშობთ, საერთოდ!“, - ამბობს გაბრაზებული პორტუგალიელი, რომელსაც ხუან კუადრადომ ესპანურად უპასუხა:

„დამშვიდდი! შენ მაგალითი უნდა იყო ყველასთვის“, - შემდეგ კი რონალდუ აგრძელებს: „მეც, მეც მეხება. ერთმანეთს სიმართლე უნდა ვუთხრათ, საშინლად ვთამაშობთ. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, ხასიათი უნდა გამოვავლინოთ“.

ბოლოს პორტუგალიელის და კოლუმბიელის დისკუსაში ანდრეა პირლო ერევა და ფეხბურთელებს ამშვიდებს: „საკმარისია კრის, საკმარისია ხუან. სიმშვიდე და მოთმინება გვჭირდება, ჩხუბის გარეშე, მაგრამ ძლიერი ხასიათით და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ“, - აღნიშნა პირლომ. დოკუმენტურ ფილმში ასევე ჩანს, როგორ ტირის გასახდელში რონალდუ "პორტუსთან" მატჩის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმში „პორტუსთან“ ვითარება შემოატრიალა, ფედერიკო კიეზამ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა (2:1), მაგრამ ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა (3:3). ამას მოჰყვა „პორტუს“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენა, ბოლო წუთზე კი კუადრადომ ბურთი ხარიხას გაარტყა. დამატებითი დრო დაინიშნა, სადაც ჯერ „პორტუმ“ გაიტანა საჯარიმო დარტყმით, როცა ცოცხალ კედელში რონალდუმ თავისი პოზიცია ვერ გაამაგრა და ბურთი სწორედ იმ წერტილში გაძვრა, სადაც თვითონ იდგა და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ადრიენ რაბიომ „იუვეს“ მაინც მოაგებინა ის მატჩი (3:2), ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით (2:1, 2:3) მომდევნო ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116884