ფეხბურთი

17:40 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინის" ყოფილი მწვრთნელი: "დავითაშვილი უკეთეს ფორმაში იყო და ხვიჩაზე ხშირად ამიტომ თამაშობდა "

ყაზანის „რუბინის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, რომან შარონოვის ასისტენტმა ედურადო დოკამპომ რუსულ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის შესახებ ისაუბრა.

2019-2020 წლების სეზონში შარონოვი-დოკამპოს დუეტი „რუბინის“ ძირითადში ზურიკო დავითაშვილს ათამაშებდნენ, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია უმეტესად თადარიგში იყო და შეცვლებზე თამაშობდა. ესპანელმა სწორედ მაშინდელი არჩევანის შესახებ ილაპარაკა.

- იმ სეზონში გუნდში ბევრი ქართველი იყო. დავითაშვილზე დიდი ფსონი გააკეთეთ, კვარაცხელია უფრო ხშირად სკამზე იყო. ახლა არ ფიქრობთ, რომ ეს შეცდომა იყო?

- ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. ახლაც და იმ სეზონშიც. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. თუმცა, ზურიკოს ვამჯობინებდით, რადგან ის უკეთეს ფორმაში იყო. ხვიჩას ყველას მოტყუება უნდოდა და როცა ბურთს კარგავდა, ეს ჩვენთვის დიდი პრობლემა იყო, კონტრშეტევებს ვიღებდით. ახლა კი, როცა ბურთს კარგავს, სხვა მოთამაშეებს შეუძლიათ მისი დაბრუნება ხვიჩას მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ფეხბურთელებისადმი განსხვავებული დამოკიდებულება გვქონდა. გვინდოდა მთელი გუნდით შეგვეტია და მთელი გუნდით თავი დაგვეცვა. ახლა ხვიჩა ბევრად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როცა ჩვენთან თამაშობდა.

- რა არის ამ პროგრესის მიზეზი?

- სლუცკიმ დიდი როლი შეასრულა. მან მეტი სათამაშო დრო მისცა. გუნდი მისგან ელოდება, რომ ის შანსებს შექმნის. ან პენალტს მოიპოვებს, ან თვითონ გაიტანს, ან მეტოქეს ყვითელ ბარათს მიაღებინებს. თუმცა ჩვენთანაც მცირე პროგრესი განიცადა.

- საუბარია, რომ ხვიჩა ძლიერ ევროპულ კლუბში უნდა გადავიდეს. გადაჭარბებულია?

- ვფიქრობ, არა. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მას ამდენი ყურადღება არ უნდა დაუთმოს. ის მაშინ 19 წლის იყო, კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. სჭირდება მშვიდად მუშაობა. ეს უფრო აგენტების სურვილია, რომ გაყიდონ, ვიდრე რეალური ინტერესი. თუმცა, ხვიჩა ადრე თუ გვიან, ევროპაში რომ ითამაშებს, ეჭვგარეშეა.

- რატომ განიცადა ზურიკომ რეგრესი?

- ზურიკოს მხოლოდ გოლები აკლია. როგორც კი სეზონში 6-7 გოლის გატანას დაიწყებს, შესანიშნავი ფეხბურთელი გახდება. აქვს ტექნიკა და პასი, დიდი სამუშაოს შესრულება შეუძლია. ის შრომისმოყვარე ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, „რუბინში“ რომან შარონოვი, რომელთანაც ერთად გუნდი დოკამპომაც დატოვა, ლეონიდ სლუცკიმ შეცვალა. რუსმა სპეციალისტმა აქცენტი კვარაცხელიაზე გააკეთა და მის პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა, ხოლო დავითაშვილის სათამაშო დრო შეიზღუდა და საბოლოოდ მას ყაზანური გუნდის დატოვება მოუწია.

0.118318