ფეხბურთი

11:38 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "იტალიელმა მწვრთნელებმა გერმანელებისგან უნდა ვისწავლოთ, ეს გაკვეთილი იყო"

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ლონდონის „ჩელსისთან“ „იუვენტუსის“ მარცხს (0:4) გამოეხმაურა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, იტალიელმა მწვრთნელებმა გერმანელი კოლეგებისგან უნდა ისწავლონ, რადგან იურგენ კლოპის „ლივერპული“ და ტომას ტუხელის „ჩელსი“ განსხვავებული სისწრაფით და სტილით თამაშობენ.

„ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო, საფეხბურთო გაკვეთილი. ვნახეთ, რომ „ლივერპული“ მთელი სისწრაფით თამაშობდა, ვნახეთ „ჩელსი“, აპრესინგებდა, დარბოდა და ბურთს წინ ათამაშებდა. ისინი შეტევებს ქვემოდან არ იწყებდნენ. ალბათ, გერმანელი მწვრთნელებისგან უნდა ვისწავლოთ უფრო აგრესიული ფეხბურთის თამაში. ჩვენთან ოდნავ კონტაქტზეც კი მსაჯები ჯარიმას ნიშნავენ. თუ სტილს არ შევიცვლით, რთული იქნება ასეთ დონეზე კონკურენციის გაწევა. „იუვე“ მოედანზე არ გვინახავს, მეტოქეს განსხვავებული სისწრაფეები ჰქონდა“, - თქვა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ და „ჩელსის“ 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ ლონდონელებს პირველ პოზიციაზე გასვლის უკეთესი შანსი აქვთ, რადგან ბურთების ბალანსიც უკეთესი გააჩნია და ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის კონკურენტს. აქვე ვთქვათ, რომ „იუვენტუსმა“ 2004 წლის თებერვლის შემდეგ პირველად წააგო 4-ბურთიანი სხვაობით (მაშინ „რომასთან“ ასევე 0:4).

0.114607