ფეხბურთი

11:52 | 23.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი მოურინიოს საჩუქრის ვიდეოს გამო: "ბევრ ბანანს ვჭამ და ეს ამიტომ მოხდა"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 წლის ფეხბურთელ ფელიქს აფენა-გიანს, რომელმაც „ჯენოასთან“ დუბლი შეასრულა, 800 ევროს ღირებულების ფეხსაცმელი აჩუქა და ვიდეო თვითონ ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თუმცა, ფაქტს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. სანამ ფელიქსი საჩუქრის ყუთს გახსნის, ოპერატორი ამბობს: „იქ ბანანია, იქ ბანანია“. ცხადია, ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ეს რასისტულ განცხადებად აღიქვეს.

თუმცა, განელმა ფეხბურთელმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არ იყო რასისტული კომენტარი, არამედ უბრალოდ ხუმრობა და მიზეზიც დაასახელა:

„მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ეს რეპლიკა არ მეწყინა, ეს არ იყო თავისი არსით რასისტული კომენტარი. „რომაში“ პირველივე დღიდან ისე მიმიღეს, როგორც ოჯახის წევრი და უბრალოდ ბიჭები დამცინიან, როგორც ეს ყველა ოჯახში ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრ ბანანს ვჭამ და ხანდახან ამაზე ვიცინით. ამიტომაც, გაიგეთ ეს კომენტარი. „რომაში“ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. ყველას მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ხალხმა არასწორად გაიგო რა მოხდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში განელმა ფეხბურთელმა.

აქვე გეტყვით, რომ აფენა-გიანი „ჯენოასთან“ მატჩში მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და მწირი სათამაშო დროც ეყო, რომ დუბლი შეესრულებინა. ის 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა. „რომა“ 13 ტურის შემდეგ 22 ქულით მეხუთე ადგილზეა.

0.118724