ფეხბურთი

16:20 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიური მედია: "ჩაკვეტაძე "გენტიდან" წასვლაზე ფიქრობს, ის მწვრთნელის გეგმებში აღარ შედის"

ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგ ტურში „გენტი“ „ზულტე ვარეგემს“ დაუპირისპირდება და გიორგი ჩაკვეტაძე სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა.

21-კაციან განაცხადში გიორგი არ ფიგურირებს და ამის შესახებ ბელგიური გამოცემა voetbalnieuws-ი წერს:

„ჰეინ ვანჰაეზებრუკმა გამოაცხადა თავისი 21-კაციანი შემადგენლობა ბევრი სიურპრიზის გარეშე. თუმცა, ერთი ფეხბურთელის არყოფნა მაინც იქცევს ყურადღებას, რადგან გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში ისევ არ არის. ვანჰაეზებრუკის განცხადებით, ჩაკვეტაძე ტრავმირებული არაა და 22 წლის ქართველმა ორი კვირის წინ 1 საათი ითამაშა.

თუმცა, აღმოჩნდა, რომ მისი ფიზიკური კონდიციები იდეალური ჯერ კიდევ არ არის. „ანტვერპენთან“ ნახევარ საათში გააძევეს, „უნიონთან“ კი გამთამაშებელი განაცხადში არ იყო. ახლა კი ვანჰაეზებრუკის განაცხადში მისთვის ადგილი ისევ არ გამოინახა, მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ჰიულსაგერი ჯერ კიდევ ტრავმირებულია.

მიუხედავად იმისა, რომ „გელამკო არენაზე“ ბევრ გულშემატკივარს ჯერ კიდევ სჯერა ჩაკვეტაძის პოტენციალის, რომელიც 4 წლის წინ აქ მოვიდა, როგორც უნიჭიერესი ფეხბურთელი და თავიდან თითქოს ეს მოლოდინი გაამართლა, როგორც ჩანს, ის მწვრთნელის გეგმებში აღარ შედის. ვინ იცის, იქნებ, ფეხბურთელი, რომელსაც თავის ეროვნულ ნაკრებში 13-ჯერ უთამაშია, წასვლასაც აპირებს, რადგან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. მას ეროვნულ ნაკრებშიც არ უთამაშია - შვედეთთან ვილი სანიოლის გადაწყვეტილებით, ხოლო უზბეკეთთან ოფიციალური განცხადების მიხედვით, ტრავმის გამო. თუმცა, „გენტის“ მწვრთნელმა აღნიშნა რომ 22 წლის შემტევს დაზიანება არ აქვს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113702