ფეხბურთი

15:55 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

წიტაიშვილის ემოციური პოსტი ბაბუის შესახებ: "ის ჩემთვის ცხოვრობდა და არაფერს მაკლებდა"

საქართველოს ნაკრებისა და ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ბაბუას, ბორია კვარაცხელიას მიუძღვნა.

როგორც გიორგი წერს, ბაბუა (დედის მხრიდან) მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო და ყოველთვის მხარში ედგა.

„უცნობი ისტორია ჩემი ყველაზე დიდი თაყვანისმცემლის შესახებ. ბაბუაჩემი ბორია კვარაცხელია, პოსტს მის ხსოვნას ვუძღვნი. პასპორტის მიხედვით 20 ნოემბერს მისი დაბადების დღე იყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ყველას სთხოვდა, რომ მისთვის 18 ნოემბერს მიელოცათ. ჩვეულებრივ, კაცები ცოტას ლაპარაკობენ და ბევრს აკეთებენ. ზუსტად ასეთი იყო ბაბუაჩემი.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის სარჩენად ბევრს მუშაობდა, ჩემთვის დროს ყოველთვის პოულობდა. სწორედ მან მაჩუქა პირველი ბუცები და ახალი ტელეფონი. მას სურდა თავი სხვა ბიჭებივით მეგრძნო, რომელთაც ყველაფრის ყიდვის შესაძლებლობა ჰქონდათ, მე - არა. ბაბუაჩემი ყველაფერს აკეთებდა, რომ მხოლოდ სპორტზე მეფიქრა, ფინანსურად მეხმარებოდა, როცა კიევში ჩავედი. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩემთვის ცხოვრობდა. ბაბუა ჩემი ყველაზე ერთგული გულშემატკივარი იყო. ყოველთვის გვახსოვდეს საყვარელი ადამიანები. ისინი ცოცხლები არიან, სანამ მჩვენ გვახსოვს“, - წერს სოციალურ ქსელში წიტაიშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებზე საბოლოო არჩევანი შეაჩერა, სწორედ ბაბუის სურვილი იყო. 21 წლის ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში უკვე 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

0.151366