ფეხბურთი

14:28 | 20.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ჟილ ვისენტეს" მწვრთნელი: "აბურჯანია ბევრ ვარჯიშს აცდენს და ეროვნული ნაკრები მისთვის საზიანოა"

პორტუგალიური „ჟილ ვისენტეს“ მთავარმა მწვრთნელმა რიკარდო სოარეშმა გიორგი აბურჯანიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახება მისთვის საზიანოა.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, აბურჯანია გუნდში ბევრ ვარჯიშს აცდენს და ამის გამო ძირითადში მოხვედრის შანსი არ ეძლევა.

„ის ხარისხიანი ფეხბურთელია და ვენდობით. თუმცა, ეროვნულ ნაკრებში მისი თამაში პრობლემაა ჩემთვის და მისთვის, რადგან ბევრ ვარჯიშს აცდენს. მან იცის, რა სურს გუნდს მისგან და შესანიშნავად მუშაობს, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ეროვნულ ნაკრებში ხშირი წასვლა მას ზიანს აყენებს. მატჩისთვის მოსამზადებლად 15 დღე მქონდა, ის კი ჩვენთან ერთად არ იყო. გიორგის თვითმფრინავით 8-საათიანი მგზავრობა მოუწია და ეს გვაიძულებს, რომ მისთვის ბევრი აღდგენითი გრაფიკი შევადგინოთ. გარდა ამისა, მაღალი დონის ფეხბურთელები მყავს და ეს ორი ფაქტორი მას აზარალებს“, - თქვა სოარეშმა.

შეგახსენებთ, გიორგი აბურჯანიამ მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, თუმცა, სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა, რადგან ხსენებულ 7 შეხვედრაში ძირითადში ერთხელაც არ უთამაშია და მთლიანობაში მოედანზე მხოლოდ 49 წუთი აქვს გატარებული.

0.151871