რაგბი

13:28 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ჩემპიონმა ლიდერობა დაიბრუნა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეორე წრის დებიუტი ლიდერთა სამეულში კარდინალური ცვლილებებით აღინიშნა. ცხრილის სათავეს ჩემპიონი ‘ლელო’ დაუბრუნდა. ყოფილ ლიდერ ‘ხვამლს’ სეზონში მეორე მარცხი მესამე ადგილზე დაქვეითების ფასად დაუჯდა. მეორე ადგილზე ‘აიამ’ აინაცვლა და რიონისპირელებს ‘ბათუმთან’ ზედიზედ გასამართ შეხვედრებში გამარჯვების შემთხვევაში პირველობაზე დაწინაურების შანსი საკუთრივ ეძლევათ.

თავის მხრივ კარგ და სტაბილურ თამაშს აჩვენებს ‘ბათუმი’. წლებია, რაც აჭარლებს ჭაბუკთა ლიგებში ესოდენ წარმატებული გუნდი არ ყოლიათ. მართალია, ‘ბათუმი’ ცხრილის მეოთხე საფეხურზე რჩება, თუმცა 5 მოგების მქონე გელა ჭოველიძის შეგირდები ლიდერ ‘ლელოს’ 7 ქულით ჩამორჩებიან და თან ‘აიასთან’ მარაგში გადადებული შეხვედრაც გააჩნიათ.

მერვე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში ლიდერმა ‘ხვამლმა’ მუხიანში ‘ბათუმს’ უმასპინძლა და სეზონის უცუდესი შეხვედრაც ჩაატარა. წინა მატჩებისგან განსხვავებით, მუხიანელები თავიანთი ლეგენდარული დამრიგებლის რატი ურუშაძის მითითებათა საპირისპიროდ მოქმედებდნენ. სათამაშო დისციპლინის პრობლემებთან ერთად, მასპინძლები ზედმეტად ჩქარობდნენ, ღელავდნენ, ოვალი წინ ხშირად უვარდებოდათ და ბოჭვებსაც აგვიანებდნენ. აღნიშნულმა გარემოებამ ‘ხვამლი’ მთელი შეხვედრა მდევრის როლში ამყოფა და საბოლოოდ უშანსოდ დატოვა.

შეხვედრის დებიუტში ‘ბათუმი’ ფრთა მათე თავდგირიძის გატანილი წყვილი ჯარიმით დაწინაურდა და სადავეები მატჩის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. ‘ხვამლი’ ბოლომდე იბრძოდა და მასპინძელთა მაქსიმუმი მეორე ტაიმის შუაწელს, მარბიელ ლევან ეზიაშვილისა და ბურჯ ლუკა დარბაიძის ლელოთა მეოხებით ანგარიშის 7-ქულამდე შემცირება გახლდათ. აჭარლებმა მთლიანობაში მასპინძლებზე ერთით მეტი, 3 ლელო გაიტანეს და სამივე მათგანი პირად აქტივში მატჩის გამორჩეულმა მოთამაშემ, ბათუმელთა მღლეტელმა თამაზ დუმბაძემ მიითვალა. აჭარელთა მგეზავმა გუგა ნოზაძემ კი ქომაგს თავი ეფექტური არეკნით დაამახსოვრა – 31:12. ‘ბათუმმა’, სეზონის პირველ შეხვედრაში განცდილი საშინაო მარცხისთვის ‘ხვამლს’ დამაჯერებელი რევანში აუღო და თან დაკარგული ქულებითაც გადაასწრო.

‘ლელომ’ პირველობაზე მეექვსე გამარჯვება აუტსაიდერ ‘წიქარასთან’ იოლად გაიფორმა. პაატა მაისურაძის ბიჭებმა უქულოდ, ბოლო ადგილზე მყოფ დებიუტანტს 9 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 61:0 მოიგეს. ჩემპიონის წარმატებას სათავე მხტომელ გიორგი სირბილაძის ლელომ დაუდო, წერტილი კი მარქაფადან ჩართული კვაჭის ილია ქისტაურის მოლით დადებულმა ლელომ დაუსვა. ფულბეკი გიგი სირბილაძე „დუბლით“ გამოირჩა. ‘ლელოს’ ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა 6 ცდიდან 5 გარდასახვა გამოიყენა და თან ლელოს გატანაც მოახერხა. ‘წიქარა’, მიჯრით მეექვსე შეხვედრაა, რაც ლელოს გატანას ვერ ახერხებს.

ძლიერი ქარისა და ძირითადის რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშის არყოლის მიუხედავად, ‘აიამ’ საშინაო შეხვედრაში მარნეულის ‘არმაზსთან’ ლაღად იბურთავა და ბონუსის თანხლებით, დამაჯერებლად იმარჯვა. მასპინძლებმა მთლიანობაში 8 ლელო გაიტანეს, რომელთა დიდი ნაწილი ხელდახელ თამაშითა და ინდივიდუალური გარღვევებით იქნა დადებული. წინა შეხვედრების მსგავსად, გუნდს ამჯერზეც მღლეტელმა შოთა ხელაძემ ულიდერა. რიონისპირელთა კაპიტანმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა. 4 გარდასახვის ავტორმა, შუამარბმა გიორგი მანაგაძემ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი შეხვედრის საბოლოო ანგარიში – 48:5 დააფიქსირა. მანამდე კი მგეზავ გოგიტა გოგუას ლელოთი, ქვემო ქართლელებმა ოდენ „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან თავის დაღწევა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ‘აიას’ თავკაცობამ თავის გამოჩენის შესაძლებლობა განაცხადში მყოფ ყველა მოთამაშეს მისცა.

მერვე ტური, „რაგბი პლატოზე“ ‘აკადემია’-‘ხარების’ დაპირისპირებით დასრულდა. მარნეულის ‘არმაზის’ მარცხმა რუსთაველებს პლეი ოფის ზონაში მოხვედრის მორიგი შანსი მისცა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ჩემპიონატში პირველი ფრეც დაფიქსირდა – 16:16. „მხატვრებმა“ ცხრილში მეხუთე პოზიცია გაიმყარეს და მდევარ ‘არმაზს’ 5 ქულით გაუსწრეს. თავის მხრივ ‘ხარებმა’ 4-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტეს და თანარეგიონელ მარნეულელებთან ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირეს.

მატჩის მსვლელობისას ‘ხარებმა’ ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ ერთხელ და ისიც პირველ ტაიმში, ბურჯ ნიკა აღბაბიშვილის გატანილი ლელოს წყალობით მოახერხეს. ‘აკადემიამ’ მეტოქეზე მთლიანობაში ერთით მეტი, 2 ლელო გაიტანა / ფრთა ნიკა გულორდავა და ჰავბეკი ზურა დემეტრაძე/ და მატჩის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე 6-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა. დარჩენილ დროში ‘ხარებმა’ აქტიური და ხისტი თამაშით 2 გასატანი ჯარიმა გამოიმუშავეს, რომელთა ზუსტად შესრულება ქვემო ქართლელთა ფულბეკ ნიკა ჩხიკვაძეს არ გაჭირვებია.

0.116366