ფეხბურთი

1:54 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის მე-12 მონაწილე გაირკვა: ნიდერლანდები მსოფლიოს ჩემპიონატზეა

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ნაწილი ევროპაში დასრულდა და მუნდიალის მე-12 მონაწილე გაირკვა - ნიდერლანდების ნაკრები, რომელიც წინა მუნდიალზე არ ყოფილა და შესაბამისად, მთავარ საფეხბურთო ღონისძიებას 2014 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

პლეი-ოფში გავიდნენ უკრაინის, უელსის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები. 12 ევროპული ნაკრები დარჩენილი 3 საგზურისთვის დამდეგი წლის მარტში იბრძოლებენ.

D ჯგუფი

საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც წინა ტურში გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური, ძალიან მოტივირებულ ფინეთს ესტუმრა, მაგრამ მაინც არაფერი დაუთმო და 3 ქულა თავად მოიპოვა. „მამლებმა“ მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, კარიმ ბენზემამ და კილიან მბაპემ შეძლეს თავის გამოჩენა.

ფინეთის წაგებამ უკრაინას გაუჩინა შანსი, რაც იდეალურად გამოიყენა და მოუგო რა, სტუმრად ბოსნიის ნაკრებს - 2:0. უკრაინის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპზე მხოლოდ 2 თამაში მოიგო, მაგრამ ეს მაინც საკმარისი გამოდგა პლეი-ოფისთვის. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მათ თამაში არ წაუგიათ და 8 ტურიდან 6-ჯერ ფრე ითამაშეს.

ფინეთი - საფრანგეთი 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ბენზემა (66), 0:2 მბაპე (76)

ბოსნია - უკრაინა 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ზინჩენკო (59), 0:2 დოვბიკი (79)

1. საფრანგეთი 8 5 3 0 18 3 15 18
2. უკრაინა 8 2 6 0 11 8 3 12
3. ფინეთი 8 3 2 3 10 10 0 11
4. ბოსნია 8 1 4 3 9 12 -3 7
5. ყაზახეთი 8 0 3 5 5 20 -15 3

E ჯგუფი

E ჯგუფში მეორე ადგილის ბედი იყო გასარკვევი და უელსის ნაკრებს შინ უმოტივაციო ბელგიასთან ქულა სჭირდებოდა, მიზანსაც მიაღწია. „წითელი ეშმაკები“ კევინ დე ბრუინის გოლით სწრაფადვე დაწინაურდნენ, მაგრამ უელსელებმა მალევე აღადგინეს წონასწორობა და მერე არაფერი შეცვლილა, რაც მოსალოდნელიც იყო.

ჩეხეთის ნაკრებმა შინ ესტონეთს 2:0 მოუგო და მესამე ადგილი ერგო, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა - ერთა ლიგის წყალობით.

უელსი - ბელგია 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 დე ბრუინი (12), 1:1 მური (32)

ჩეხეთი - ესტონეთი 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბრაბეცი (59), 2:0 სიკორა (85)

1. ბელგია 8 6 2 0 25 6 19 20
2. უელსი 8 4 3 1 14 9 5 15
3. ჩეხეთი 8 4 2 2 14 9 5 14
4. ესტონეთი 8 1 1 6 9 21 -12 4
5. ბელარუსი 8 1 0 7 7 24 -17 3

G ჯგუფი

ნიდერლანდების ნაკრებმა უღიმღამო ფეხბურთი კვლავ აჩვენა, მაგრამ 2014 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე დაბრუნდა. ლუის ვან გაალის გუნდმა ცარიელ „დე კუიპზე“ ასევე ძალიან მოტივირებულ ნორვეგიასთან, რომელსაც მოგება სჭირდებოდა, მაგრამ საგოლე მომენტიც არ შეუქმნია, 2:0 იმარჯვა. ნიდერლანდელებმა ორივე გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს - ჯერ სტივენ ბერგვინმა გახსნა ანგარიში და მერე მემფის დეპაიმ სხვაობა ორამდე გაზარდა. ამრიგად, ნიდერლანდების ნაკრებმა შეცდომა არ დაუშვა და ჯგუფში პირველი ადგილით მუნდიალის საგზური მოიპოვა.

ნორვეგიის წაგებამ კი პლეი-ოფის საგზური თურქეთს მოუტანა, რომელსაც მონტენეგროში 3 ქულა სჭირდებოდა და მოიპოვა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ შტეფან კუნცის გუნდი თავიდან აგებდა, მერე თამაში შეატრიალა და 2:1 მოიგო. შედეგად, თურქებმა ნორვეგიელებს 3 ქულით გაასწრეს და მარტში გააგრძელებენ ბრძოლას ყატარის ბილეთისთვის.

ნიდერლანდები - ნორვეგია 2:0 (0:0)

გოლი: 1:0 ბერგვინი (84), 2:0 დეპაი (90)

მონტენეგრო - თურქეთი 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბექირაი (4), 1:1 აკტურკოღლუ (22), 1:2 კოკჩუ (60)

გიბრალტარი - ლატვია 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 უოლკერი (7), 1:1 გუტკოვსკისი (25), 1:2 ულდრიკისი (55), 1:3 კროლისი (75)

1. ნიდერლანდები 10 7 2 1 33 8 25 23
2. თურქეთი 10 6 3 1 27 16 11 21
3. ნორვეგია 10 5 3 2 15 8 7 18
4. მონტენეგრო 10 3 3 4 14 15 -1 12
5. ლატვია 10 2 3 5 11 14 -3 9
6. გიბრალტარი 10 0 0 10 4 43 -39 0

ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე 12 მონაწილე ჰყავს: ყატარი, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ნიდერლანდები და ბრაზილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126613