ფეხბურთი

1:20 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "სასიხარულოა ზედიზედ სამი მოგება და ეს მთელ საქართველოს სჭირდებოდა"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო შეხვედრაში უზბეკეთს დავით ვოლკოვის გოლით 1:0 მოუგო. მატჩის შემდეგ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

"ძალიან სასიხარულოა, როდესაც სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს არ ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს კარგად გამოჩნდა ბოლო ორ თამაშში", - თქვა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2021 წელი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. უზბეკეთამდე ვილი სანიოლის გუნდმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს სტუმრად თორნიკე ოქრიაშვილისა და ზურიკო დავითაშვილის გოლებით (2:1) აჯობა, ხოლო შემდეგ ბათუმში, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით შვედეთს 2:0 მოუგო.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 2022 წლის მარტში ჩაატარებს, მაგრამ ჯერჯერობით, მეტოქის ვინაობა უცნობია. აქვე ვთქვათ, რომ ივნისში ერთა ლიგის ახალი სეზონი დაიწყება, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 16 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრები C დივიზიონში იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12167