ფეხბურთი

15:34 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ფეხბურთელების კომენტარები: "გამოჩნდა, რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი"
"შესაძლოა, ვიღაცისთვის არ იყოს სანახაობრივი და შემტევი, მაგრამ ამ თამაშს შედეგი მოაქვს"

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულა და შვედეთის ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით 2:0 მოუგო.

სფფ-ის პრესსამსახურთან მატჩის შემდეგ კომენტარები გურამ კაშიამ თორნიკე ოქრიაშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, გულშემატკივრებმა დიდი როლი ითამაშეს გამარჯვებაში, საქართველოს ნაკრები კი ყოველთვის ასე უნდა თამაშობდეს.

„ძალიან გახარებულები ვართ. მინდა, მივულოცო, მთელ საქართველოს, ბათუმს. ძალიან მაგარი გულშემატკივრობა იყო, ძალიან მაგრები ხართ, მაგრად ვისიამოვნეთ, საერთოდ არ გაჩერებულან ფანები და პირველ რიგში დიდი მადლობა მათ. დიდხანს ველოდით შინ მოგებას, თან ასეთ გუნდს, შვედეთს მოვუგეთ. არ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა ან რაღაც, დამსახურებულად მოვიგეთ. ვულოცავ საქართველოს და ხვიჩა კვარაცხელიას, მან დაიმსახურა ეს ორი გოლი და მადლობა იმისთვის, რაც გააკეთა“, - განაცხადა ნამატჩევს თორნიკე ოქრიაშვილმა.

გურამ კაშია: „დღევანდელმა მატჩმა აჩვენა თუ რამდენ რამეს ცვლის გულშემატკივარი და პირველ რიგში, მსურს მათ მადლობა გადავუხადო. ძალიან დაგვეხმარნენ, სწორედ ეს სხვაობაა ქომაგებთან და მათ გარეშე თამაშს შორის. მიმაჩნია, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ბოლო ორი მატჩი როგორც ვითამაშეთ, მონდომებით და გამარჯვების სურვილით, სწორედ ასეთი უნდა იყოს საქართველოს ნაკრები და ასე უნდა ვთამაშობდეთ სულ. გახარებული ვარ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდებოდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს და მთელს საქართველოს. ნაჩვენები შედეგი, რა თქმა უნდა, ოპტიმიზმს აჩენს და ეს მომწონს, რადგან მე პირადად ოპტიმისტი ვარ და მუდამ მსურს წარმატებული ვიყო, წარმატებული იყოს გუნდი და ვიგებდეთ თამაშებს“, - თქვა გურამ კაშიამ.

„ბევრი პოზიტივის დანახვა შეიძლება. პირველ რიგში იმისა, რომ გუნდი თამაშობს იმ ფეხბურთს, რასაც თამაშის წინ. შესაძლოა, ვიღაცისთვის არ იყოს სანახაობრივი და შემტევი, მაგრამ ამ თამაშს შედეგი მოაქვს და ბედნიერები ვართ თამაშის მერე ყველა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. პოზიტიურ ნოტაზე დასრულება სასიამოვნოა და ალბათ, ბათუმთან, მთელ საქართველოსთან ერთად ყველანი ბედნიერები ვართ“, - აღნიშნა ნიკა კვეკვესკირმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ საბერძნეთთან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108716