ფეხბურთი

22:53 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფანტასტიკური ხვიჩა! საქართველოს ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა

საქართველოს ნაკრებს ეს ადრეც გაუკეთებია და ახლაც გააკეთა - შესარჩევ ციკლში კარი გაიჯახუნა. გვახსოვს, როცა თბილისში ძალიან მოტოვირებულ ნაკრებებს ფეხი დასცდენიათ და მათ რიცხვს შვედეთიც შეუერთდა.

შეუდარებელი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლით ვილი სანიოლის გუნდმა შვედეთის ნაკრები დაამარცხა და ბათუმში პირველად მოიგო. ამჯერად, სტადიონზე გულშემატკივარიც იყო, რომლებმაც მე-12 ფეხბურთელის როლი შეასრულეს და გამარჯვებაში მათი წვლილიც ნამდვილად დიდია. სხვათა შორის, ფრანგი სპეციალისტი დისკვალიფიცირებული იყო და გუნდს ტრიბუნებიდან ხელმძღვანელობდა, მთავარი მწვრთნელის მოვალეობა კი, მისმა ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა შეასრულა.

პირველი ტაიმში შვედეთის ნაკრები უკეთესი იყო და უპირატესობასაც ფლობდა. იანე ანდერსონის გუნდმა 45 წუთში კარში 6-ჯერ დაარტყა და რომ არა გიორგი ლორიას ფანტასტიკური თამაში, აუცილებლად დაწინაურდებოდა. პირველი რეალური საგოლე მომენტი შვედებმა მე-14 წუთზე შექმნეს, როდესაც ოთარ კაკაბაძემ არაზუსტი პასი გააკეთა და საჯარიმოში ბურთი ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩააბარა. მან ალექსანდრ ისაკს გადააწოდა, მაგრამ „სოსიედადის“ შემტევის დარტყმა გიორგი ლორიამ მოიგერია, ხოლო დამატებაზე ვიქტორ კლაესონის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან დავით ხოჭოლავამ გამოიტანა. შვედებს ამის შემდგომაც რამდენიმე ჰქონდათ მწვავე იერიში, ხოლო რეალური მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს. იბრაჰიმოვიჩის თავური ლორიამ კუთხურზე მოიგერია. იგივე დუელი კუთხურის დროსაც შედგა, ქართველმა კიპერმა ისევ აჯობა ზლატანს, ხოლო დამატებაზე ვიქტორ ლინდელოფის დარტყმას ვაკო გვილია გადაეღობა. სამ წუთში ლორიამ საქართველოს ნაკრები კვლავ გადაარჩინა - ამჯერად უკვე ისაკის დარტყმა მოიგერია შესანიშნავად. შვედი ფორვარდი გიორგისთან პირისპირ იყო, მაგრამ ქართველმა კარის დარაჯმა ბრწყინვალედ ითამაშა. ვილი სანიოლის გუნდმა ტაიმის ბოლოს შექმნა საგოლე მომენტი და შეეძლო ანგარიში გაეხსნა. მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვისა და ხვიჩა კვარაცხელიას კომბინაციამ იმუშავა და ხვიჩას პასის შემდეგ მარჯვენა ფლანგიდან საბა ლობჟანიძე ურტყამდა, მაგრამ კარს ააცილა, არადა, თითქოს გოლის გატანა შეეძლო და მართებდა კიდეც. საბოლოოდ, ტაიმი, რომელშიც საქართველოს კარში არ დაურტყამს, უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე ტაიმიც დაახლოებით ისე დაიწყო, როგორიც პირველი ნახევარი გამოდგა და პირველი საგოლე მომენტი ისევ შვედეთმა შექმნა. 57-ე წუთზე ზლატანმა მკერდით კლაესონს დაუგდო ბურთი, რომელიც ძალზე ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ არაზუსტად და სკანდინავიელებმა დაწინაურების ძალიან რეალური შანსი ხელიდან გაუშვეს.

გამოუყენებელი მომენტების გამო სულ მალე შვედეთი დაისაჯა. 61-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ჯარიმა მოიპოვა, რომელიც ოქრიაშვილმა შეასრულა. პოზიცია ისეთი იყო, თითქოს კარში უნდა დაერტყა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. დამუშავებულ კომბინაციას ჰგავდა: ოქრიმ რბილად ჩააწოდა, იქ ყველას თავით დავით ხოჭოლავამ დაასწრო და მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ჩართულმა აზაროვმა დაარტყა, რომელსაც რობინ ოლსენმა აუღო, ბათუმელთა მცველმა დაამატა და დარტყმა ისევ ოლსონმა დაბლოკა, მაგრამ კვარაცხელიას მიუვიდა ბურთი, რომელმაც დაუცველ კარში გაიტანა და 1:0!

ამის შემდეგ თამაშის ჩარხი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ დატრიალდა და შვედეთი აბსოლუტურად დემორალიზებულ გუნდს ჰგავდა. 75-ე წუთზე ხვიჩა დუბლთან ძალიან ახლოს იყო, ულამაზეს გოლს იტანდა, მაგრამ რობინ ოლსენმა არანაკლებ ეფექტური სეივით ბურთი კუთხურზე გადააგდო, რომლის შემდეგ კაშიას თავური მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა. თუმცა, მეორე გოლამდე შვედების კარში დიდი ხნის ლოდინი საჭირო არ ყოფილა. ისევ ხვიჩა!!! 77-ე წუთზე იაქტიურა, თითქოს ბურთი დაკარგა, მაგრამ იქვე დაიბრუნა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა. კვარაცხელია, რომელიც გოლამდე თითქოს ჩრდილში იყო, მატჩის გმირი გახდა და კარიერაში ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა.

საქართველოს ნაკრებმა ამ გამარჯვებით შესარჩევი ეტაპი 7 ქულით დაასრულა და კოსოვოს ნაკრებს დიდი ალბათობით, უკან მოიტოვებს, რადგან სამი ქულით მეტი აქვს და ბურთების შეფარდებაც უკეთესი, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს მარგში კიდევ ერთი მატჩია.

შვედეთმა კი შესაძლოა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური სწორედ ბათუმში დაკარგა. იანე ანდერსონის გუნდი ესპანეთს ჯერ კიდევ ორი ქულით უსწრებს, მაგრამ დაკარგული 3 ქულა ძალიან ძვირად უფასდება, რადგან ბოლო „ფურია როხას“ ამ ტურის მატჩი ათენში, საბერძნეთთან აქვს სათამაშო, ხოლო ბოლო ტურში სწორედ ესპანეთი - შვედეთია.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს, გორში წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს და ტესტ-მატჩში უზბეკეთს გაეჯიბრება.

საქართველო - შვედეთი 2:0 (0:0)

ბათუმი, „აჭარებთ არენა“

მაყურებელი: 7 000

საქართველო (3-4-2-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა; ლობჟანიძე (ჩაბრაძე 81), გვილია, კვეკვესკირი (აბურჯანია 90), აზაროვი; წიტაიშვილი (დავითაშვილი 70), კვარაცხელია (ყაზაიშვილი); ოქრიაშვილი (ვოლკოვი 70)

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

შვედეთი (4-4-2): ოლსენი; კრაფტი, ლონდელოფი, ნილსონი, აუგუსტინსონი; კლაესონი (კულუშევსი 74), ოლსონი, სვანბერგი (ქუაისონი 78), ფორსბერგი; იბრაჰიმოვიჩი, ისაკი (კარლსონი 87)

მწვრთნელი: იანე ანდერსონი

გოლები: 1:0 კვარაცხელია (61), 2:0 კვარაცხელია (78)

გაფრთხილება: ოქრიაშვილი (52), აზაროვი (55) - ნილსონი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 14 (8) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:9

მსაჯი: სერდარ გიოზიუბიუიკი (ნიდერლანდები)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.213663