ფეხბურთი

23:25 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იანე ანდერსონი: "ფეხბურთი ასეთია - გოლს თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ"

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა და B ჯგუფში ბოლო მატჩი ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან გამართა. მატჩის შემდეგ სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ისაუბრა. როგორც მან თქვა, საქართველოს ნაკრებმა მომენტები მისი გუნდისგან განსხვავებით გამოიყენა.

„პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. თუ მომენტებს ვერ გამოიყენებ, გოლს გაუშვებ და ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრებმა თავისი ინდივიდუალური მომენტები კარგად გამოიყენა და ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.

ვის გამოვარჩევ საქართველოს ნაკრებიდან? ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონდა და ბოდიშის მოხდით კითხვაზე პასუხს თავს ავარიდებ. ახლა მხოლოდ ჩემს გუნდზე ვფიქრობ. მატჩის წინ ვთქვი, რომ საქართველი კარგი გუნდია, რომელსაც ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. საგოლე მომენტებში ცოტა გამართლებაც იყო, მაგრამ ვულოცავ გამარჯვებას. ჩვენ ახლა მხოლოდ ესპანეთთან შეხვედრაზე ვფიქრობთ და იმედი მაქვს, რომ უკეთ ვითამაშებთ, ვიდრე დღეს“, - თქვა ანდერსონმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ ძალიან მიზერული შანსია, რომ გადაგვასწრო (ბოლო ტურში საბერძნეთს დიდი ანგარიშით უნდა მოუგოს). ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.

0.1147