ფეხბურთი

23:54 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა და იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ"

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა და B ჯგუფში ბოლო მატჩი ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან გამართა. მატჩის შემდეგ ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, სტაბილურობისთვის საჭირო იქნება ნაკრებში ტრავმიანობა ნაკლებად იყოს და გუნდმა საუკეთესო შემადგენლობით შეკრება ხშირად მოახერხოს.

„ყველაფერი თამაშის წინ დაიგეგმა. ხიზანიშვილს ყურზე მოწყობილება იმიტომ ეკეთა, რომ საოპერო მუსიკა უყვარს და უსმენდა (იღიმის). კვარაცხელია? ის ბოლო დროს საუკეთესო ფორმაში არ იყო, მაგრამ ჩვენ მას ვენდობით. საქართველოში ძალიან უყვართ მისი თამაშის ყურება და გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და თამაში აცადოთ. ამის მერე, ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან ასე თუ ითამაშებს, აუცილებლად გადავა კარგ ევროპულ გუნდში.

ოთარ კაკაბაძეს კლუბში რთული მდგომარეობა აქვს და რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემმა ყველა ფეხბურთელმა რაც შეიძლება მეტი ითამაშოს. ვფიქრობ, რომ ოთარმა კოსოვოსთან და დღესაც კარგად ითამაშა და ძალიან დაგვეხმარა. გურამ კაშია? მასზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბრწყინვალე ფეხბურთელია.

შვედების მწვრთნელმა თქვა, რომ საგოლე მომენტებში გაგვიმართლა? მე ვიტყოდი, რომ პირველ შეხვედრაში შვედეთს გაუმართლა და მაშინ წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით. შვედეთს მომავალში წარმატებებს ვუსურვებ, ეს გუნდი დიდი ხანია ასეთი სტილის ფეხბურთს თამაშობს, მცირე განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როცა მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩია. ჩვენ ვიცით, რომ შვედეთს ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და მათზე ძლიერები არ ვართ, ამიტომაც, ეს გამარჯვება ძალიან გვიხარია.

არაერთხელ ვთქვი, რომ სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად. ამისთვის კი საჭიროა რაც შეიძლება ძლიერი შემდგენლობა გვყავდეს. ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა მარტში, მაგრამ სექტემბერში შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედი მაქვს, რომ მომავალში რაც შეიძლება, ნაკლები ტრავმირებული გვეყოლება.

დღეს ფანტასტიკური გულშემატკივრობა იყო და დიდი მადლობა მათ. თუმცა, ვერ გამოვარჩევ, სად უკეთესი იყო, აქ თუ თბილისში. საქართველოს ნაკრები ყველას გუნდია - თბილისშიც, ბათუმშიც, გორშიც, ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 7 ქულით მეოთხე ადგილზეა, კოსოვოს ნაკრებს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, მაგრამ საბერძნეთთან დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა. ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება და წლის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს. აქვე გავიხსენოთ, საქართველოს ნაკრების შედეგები შესარჩევი ეტაპის განვლილ 8 მატჩში: შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2, საბერძნეთთან 1:1, კოსოვოსთან 0:1, ესპანეთთან 0:4, საბერძნეთთან 0:2, კოსოვოსთან 2:1 და შვედეთთან 2:0.

0.124158