ფეხბურთი

18:50 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "იბრაჰიმოვიჩის შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩვენზე გავლენას არ ახდენს"

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ შვედეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, ბოლო პერიოდის ცუდი შედეგები განწყობის ბრალი არ არის და პასუხისმგებლობა მოთამაშეებმა უნდა აიღონ. გურამმა ასევე ისაუბრა ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ბათუმში გულშემატკივრების დასწრებაზე.

„სექტემბერში ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ განწყობის ბრალი იყო. მარტთან შედარებით სულ სხვა შემადგენლობით ვითამაშეთ, თუმცა, პასუხისმგებლობა ფეხბურთელებმა უნდა ავიღოთ. ნაკრებში განწყობა ყოველთვის კარგია და ამას ვერ დავაბრალებთ. ფეხბურთელები ყოველთვის ბოლმდე დახარჯვას ვცდილობთ.

იბრაჰიმოვიჩი პირველ მატჩში შეურაცხყოფას გვაყენებდა? ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და მოედანზე მსგავსი რაღაცები ხდება. სიმართლე გითხრათ, ამას არც მე და ალბათ არც არავინ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩვენზე გავლენას ნამდვილად არ ახდენს.

გულშემატკივრები? ბოლო პერიოდში მხოლოდ ესპანეთთან ვითამაშებთ გულშემატკივრებით. ამიტომაც, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი სტადიონზე ყოფნა და იმედი მაქვს, რომ ბათუმში ქულების დაგროვებას დავიწყებთ“, - თქვა კაშიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112349