ფეხბურთი

14:45 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ფაქტები და ემოციები, გრძნობები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ"
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წლის ბოლო ორი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა. ფრანგმა სპეციალისტმა, როგორც მოახლოებულ მატჩებზე, ისე განვლილ პერიოდსა და ცალკეულ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ფეხბურთი მხოლოდ შემადგენლობის დასახელება რომ იყოს, მაშინ მე საჭირო არ ვიქნებოდი. ვცდილობ ყოველთვის სამართლიანი ვიყო და გადაწყვეტილებები გულით მივიღო. არსებობს ფიფას წესები და ამის თანახმად შემადგენლობა უიქ-ენდამდე უნდა დამესახელებინა. ეს მოხდა მანამ, სანამ ქვილითაია ორ გოლს გაიტანდა, მათ შორის ერთს პენალტით. ძალიან მიხარია, რომ მან გაიტანა, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მინდა უფრო თავდაჯერებული იყოს. არ შემიძლია 10 თავდამსხმელის გამოძახება, ბალანსი უნდა დავიცვა. ქვილითაია სიაში რომ შემეყვანა, შეიძლება ვინმეს ეკითხა, რატომ არ გამოვიძახე მიქაუტაძე. ვფიქრობ, კაჭარავა შანსს იმსახურებდა და ყველა, ვინც შანსის მიცემას იმსახურებს, ნაკრებში უნდა გამოვიძახო, რომლის კარი დახურული არავისთვის არ არის.

ზოგჯერ, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვაცალკავოთ ფაქტები და ემოციები, გრძნობები. ქართველი ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში არ თამაშობენ და ეს არის ფაქტი, არაფერი შეცვლილა. იმედი მაქვს, რომ მომავალში მაღალი დონის კლუბებში უფრო მეტი ფეხბურთელი გვეყოლება, რომლებიც გუნდს ულიდერებენ. ახლა ჩვენი მიზანია, ნებისმიერ მატჩში თავიდან ბოლომდე ვიბრძოლოთ, როგორც ეს კოსოვოსთან იყო. არ ვიცი, შვედეთთან რას ვიზამთ, მაგრამ მთავარია გუნდმა მონდომებით და ჟინით ითამაშოს.

ბოლო პერიოდის შედეგები ჩვენთვის გულდასაწყვეტია და პასუხისმგებელი ყოველთვის მწვრთნელია. შეიძლებოდა სხვანაირად რაღაცების გაკეთება, მაგალითად, კოსოვოსთან პირველ მატჩში გუნდის სათანადო მოტივირება ალბათ მეც ვერ შევძელი. მეორე თამაშში კი იყო თავგანწირვა, რაც აუცილებელია. ამ მატჩმა დაგვახანა, რომ ბოლომდე თუ დავიხარჯებით, შანსი არსებობს. 3-4 დღე გვაქვს სავარჯიშოდ და ყველა მოთამაშეს ექნება შესაძლებლობა თავი წარმოაჩინოს. ჩვენ არ გვყავს პელე, მესი, ნეიმარი პელე ან მარადონა, მაგრამ გვაქვს სულისკვეთება, რომლითაც ბოლომდე დახარჯვის შემთხვევაში მეტოქეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება.

ნაკრების შემადგენლობის შედგენისას ბევრი გარემოებაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, აგვისტოში დავასახელე სექტემბრის შემადგენლობა და ტრავმები ჰქონდათ კვეკვესკირს, კვარაცხელიას, ოქრი ახალი დაბრუნებული იყო. ფანცულაია გამოვიძახეთ, რომელიც კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ტრავმა მიიღო. იმედი მაქვს, ის გააგრძელებს კარგად თამაშს და მისი იმედი მომავალშიც გვექნება. კონკრეტული სია იქმნება კონკრეტული მომენტიდან და მეტოქიდან გამომდინარე.

რა თქმა უნდა, მეც ყოველდღიურად რაღაცას ვსწავლობ, პირველ რიგში ვეძებთ სტაბილურობას ყველა კუთხით, მათ შორის, ტრავმების თავიდან ასაცილებლად. თუ დააკვირდებით, წარმატებული გუნდები შემადგენლობას ხშირად არ ცვლიან და მათ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელები არ ჰყავთ.

ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა მესის და ნეიმარის გარეშე მოიგო? არტურო ვიდალი ხომ იცით? „ბარსელონას“, „ბაიერნის“ და „იუვენტუსის“ ფეხბურთელი? ალექსის სანჩესი? „არსენალის“, „მანჩესტერის“ და „ინტერის“ ფეხბურთელი? ასეთი ფეხბურთელები ჰყავთ ჩილეში, ასე რომ, ჩილეს ნაკრებთან შედარება თქვენი მხრიდან კარგი მაგალითი არ იყო. სომხეთი? მხითარიანი ხომ მოგწონთ? კარგი ფეხბურთელია, არა?

მე ქართული არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ქართულ მედიას გავეცნო. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ქართულ მედიაში ბევრი იწერებოდა თუ სად გადადიოდა, მაგრამ ის მხოლოდ 20 წლის ფეხბურთელია და სიმშვიდე სჭირდება. არ მინდა ვისაუბრო, ვინ უკეთესი ფეხბურთელია და ვინ უკეთეს გუნდში თამაშობს. მსურს, რომ გვყავდეს ბირთვი, რომელსაც გუნდი დაეყრდნობა. გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც აქვთ პოტენციალი ეს შეძლონ და გუნდს წინ წარუძღვნენ, მაგრამ მათ ჩვენი მხარდაჭერაც სჭირდებათ. ჩაკვეტაძეც დიდი ტალანტია, მაგრამ როგორც ათლეტმა ჯერ თავისი სხეული უნდა მოამზადოს.

დიახ, მეც და ფედერაციასაც გვინდა, რომ უკეთესი შედეგები გვქონდეს, მესამე ადგილზე ან უფრო მაღლა გავსულიყავით. თუმცა, ფეხბურთი არ არის 6-თვიანი პროექტი, წინ გველოდება მნიშვნელოვანი ტურნირები, მათ შორის, ერთად ლიგა. მაგრამ, მანამდე შვედეთთან და უზბეკეთთან კარგი შედეგის ჩვენება გვინდა და ამ ეტაპზე მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ.

გიორგი ბერიძე? ის მარტში გამოვიძახე და საკმაოდ კარგი 25 წუთი ჰქონდა. თუმცა, მე არ შემიძლია დავარღვიო წესები და გუნდში 24-25 ფეხბურთელზე მეტი გამოვიძახო. ყოველთვის მეკითხებიან სიაში არმყოფ შემტევ ფეხბურთელებზე, მაგრამ ვისურვებდი, რომ გეკითხათ მცველებზე, რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ დაცვაში სწორად თამაშმა შეგვიქმნა შეტევაში შესაძლებლობები კოსოვოსთან. რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ბერიძეს, ისევე, როგორც ლევან შენგელიას და დავით ვოლკოვს, რომლებიც კარგი შემტევები არიან. თუმცა, არ შემიძლია გუნდში მხოლოდ თავდამსხმელები გამოვიძახო.

კოსოვოსთან კვეკვესკირი და გვილია ერთმანეთს კარგად უგებდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი ტექნიკური ფეხბურთელები არიან და როცა ისინი ერთად თამაშობენ, გაქვს შესაძლებლობა მოედანზე უფრო დომინანტი იყო, მეტი არბენინო მეტოქე და ეს გუნდზე კარგად აისახება. იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით შვედეთთან მატჩის შემდეგად დადებითად საუბრის საფუძველი მექნება.

კაკაბაძე გონებით და გულით თამაშობს. მან კოსოვოსთან ახალ პოზიციაზე თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. ისევე, როგორც ლობჟანიძემ, რომელსაც საკმარისი ფიზიკური მომზადება აქვს, მაგრამ დაცვითი ფუნქციების შესრულება ცოტა გაუჭირდა, რაც გასაგებია. თუმცა, მათი ურთიერთგაგებით ძალიან კმაყოფილი ვარ. შვედეთთან მატჩი? წინასწარ შედეგზე საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ გვინდა სწორი სულისკვეთება გვქონდეს. ცხადია, გვაქვს ამბიცია, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ, მაგრამ ახლა ტაქტიკაზე საუბარს არ ვაპირებ, რადგან თუ გეტყვით, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც კოსოვოსთან, ცხადია, ამას შვედების მწვრთნელი ნახავს.

ნაკრებში სათამაშო დისციპლინას ვითხოვ, ტაქტიკურ დისციპლინას. კოვოსოში მოვიგეთ, შეიძლება საუკეთესოდ არ გვითამაშია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი პატივს სცემდა ტაქტიკურ დისციპლინას, მათ იცოდნენ გუნდს მოედანზე რა უნდა გაკეთებინა. მარტში სწრაფად მოგვიწია რამდენიმე მატჩის ჩატარება, მაშინ დავინახე, რომ აქცენტი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე უნდა გაკეთდეს, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ნაკრები უფრო ძლიერი გახდება. ვფიქრობ, როცა თავდაუზოგავად მუშაობ, შედეგს აუცილებლად მიიღებ და ყველაფერი უკან დაგიბრუნდება.

შვედეთი იბრაჰიმოვიჩთან ერთად? რა თქმა უნდა, შვედეთის ნაკრები განსხვავებულია იბრაჰიმოვიჩთან ერთად და მის გარეშე. გვინდა, რომ ზლატანმა ითამაშოს, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც გვსურს, რომ კარიერა არასდროს დაასრულოს. ჩვენი ფეხბურთელებისთვისაც კარგია ასეთ მოთამაშესთან თამაში, ასე ისინი უფრო იზრდებიან, უფრო მეტს სწავლობენ. იბრამ ჩვენს წინააღმდეგ შვედეთშიც ითამაშა და მაშინ დაცვაში ძალიან კარგად ვიმოქმედეთ. იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩშიც ასე ვითამაშებთ“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან მატჩით დაასრულებს, ხოლო 2021 წელს ბოლო შეხვედრას 15 ნოემბერს, გორში ჩაატარებს, სადაც ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აქვე გეტყვით, რომ საქართველო შესარჩევ ციკლში 7 თამაშში მოპოვებული 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი ბალანსით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116312