ავტოსპორტი

3:59 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა ტექსასში პოულ პოზიცია მოიპოვა

მაქს ფერსტაპენმა აშშ-ის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს. მან ბოლო ცდაზე აჯობა მთავარ კონკურენტ ლუის ჰამილტონს და თანაგუნდელ სერხიო პერესს, ვისაც პოულის მოპოვებაში ხელი ბოლო მოსახვევში წამოსული მცირე წვიმის წვეთებმა შეუშალა.

ფერსტაპენისთვის ეს მიმდინარე სეზონში მოგებული მეცხრე კვალიფიკაციაა. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლით ადრე, ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს ექვს ქულას უგებს.

ოსტინში მოპოვებული პოული, მას გამარჯვების რეალურ შანსს აძლევს, რადგან სტატისტიკის შესაბამისად, ამ ტრეკზე რბოლას ის პილოტები იგებენ, ვინც სტარტზე პირველ რიგში დგას. სხვათა შორის, V6 ტურბო ჰიბრიდული ძრავების ეპოქაში (2014 წლიდან), ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვალიფიკაცია „მერსედესის“ პილოტმა ვერ მოიგო.

„ჩემი სწრაფი წრის ბოლოს გაწვიმდა და ამიტომ, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამას შევძლებდი. მაგრამ გამომივიდა და მიხარია. ჩვენ ამ სეზონში კარგი ბრძოლები გვქონდა და ვფიქრობ, კიდევ ერთი წინ გვაქვს“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვინც ჰამილტონს 0.209 წამით აჯობა.

ჰამილტონი, ვისაც ოსტინში ხუთი გამარჯვება აქვს მოპოვებული, თავისი შედეგით მაყოფილი დარჩა და დაამატა, რომ ეს იყო იმის მაქსიმუმი, რაც ამ რბოლაში შეეძლო. პერესს თავის კარიერაში პირველი პოულის შანსი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, მესამე შედეგს დასჯერდა.

მეორე რიგში პერესის გვერდით შარლ ლეკლერი დადგება, რადგან მეოთხე შედეგის მქონე ვალტერი ბოტასი, სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავს. ამის მიზეზი ისაა, რომ მას ძრავის კომპონენტი გამოუსვალეს.

აშშ-ის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1'32.910
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.209
  3. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.224
  4. შარლ ლეკლერი (მონკო, ფერარი) 0.696
  5. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.882
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.898
  7. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.977
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.208
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.565
  10. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 2.008
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 2.467
  12. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.884
  13. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 3.073
  14. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.085
  15. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 3.401
  16. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 3.589
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.886
  18. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 2.590
  19. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) -
  20. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 11.639
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099441