ფეხბურთი

17:20 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "აჯობებდა, რონალდუ "იუვენტუსიდან" უფრო ადრე წასულიყო"

"იუვენტუსის" კაპიტანი ჯორჯო კიელინი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლა გუნდისთვის შოკი იყო და უფრო კარგი იქნებოდა, თუ ის იტალიურ გრანდს მანამდე დატოვებდა.

როგორც 37 წლის მცველმა DAZN-თან ინტერვიუში აღნიშნა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე რონალდუს წასვლით "იუვე" დაზარალდა და სეზონს მოუმზადებელი შეხვდა. მისი აზრით, ეს რომ პორტუგალიელს 1 თვით ადრე გაეკეთებინა, სეზონს უფრო მზადყოფნაში შეხვდებოდნენ.

„ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა ზაფხულში წასულიყო, რადგან ჩემი აზრით, ჩვენ ურთიერთობის იმ დონეზე მივედით, როდესაც კრიშტიანოს ახალი სტიმული და გუნდი სჭირდებოდა, რომელიც მისთვის ითამაშებდა, რადგან, როცა ის ასეთ გუნდშია, ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამას ამტკიცებდა თავისი კარიერის განმავლობაში, ჩვენთან ყოფნის სამწლიან პერიოდში და ახლაც ამტკიცებს.

იუვენტუსში გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. ცხადია, რონალდო რომ დარჩენილიყო, ჩვენთვის დამატებითი ღირებულება იქნებოდა და სიამოვნებით გამოვიყენებდით მას, მაგრამ ასე გუნდი უფრო ორიენტირებული იქნებოდა აწმყოზე და არა მომავალზე.

ის 28 აგვისტოს წავიდა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა ადრე რომ წასულიყო. ასე უკეთ მოვემზადებოდით და ამის გამო გარკვეული საფასურის გადახდაც მოგვიწია, თუნდაც სეზონის სტარტზე დაკარგული ქულები, ამიტომ, ბოლოს წასვლა ცოტა შოკისმომგვრელი იყო. 1 აგვისტოს რომ წასულიყო, გვექნებოდა დრო სიტუაციასთან უკეთ მოსამზადებლად და ჩემპიონატის სტარტს უფრო მზად შევხვდებოდით“ - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსში“ 2018-2021 წლებში 134 შეხვედრაში თავი 101-ჯერ გამოიჩინა და „მანჩესტერში“ 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.113157