სხვა

3:35 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეკინის ოლიმპიადისთვის კანადელ ათლეტებს ვაქცინაცია მოუწევთ

იმ კანადელ ათლეტებს, ვისაც პეკინის ოლიმპიადაზე ასპარეზობის სურვილი აქვთ, კორონავირუსზე ორი დოზით ვაქცინაციის ჩატარება მოუწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანადის ოლიმპიური კომიტეტი, მათ ზამთრის ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლებას არ მისცემს.

კანადის ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები (COC და CPC) აცხადებენ, რომ ვაქცინაციის ვალდბულებაზე გადაწყვეტილება, სპორტის სახეობათა დირექტორთა საბჭოების და ათლეტთა კომისიების მხარდაჭერით მიიღეს.

„ჩვენ ვიცით, რომ ათლეტების, გუნდის წევრების, მწვრთნელების და სხვა პირთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, კანადის ოლიმპიური გუნდი სრულად ვაქცინირებული უნდა იყოს“, - ამბობს კანადის ოლიმპიური კომიტეტის მთავარი აღმასრულებელი დევიდ შუმეიკერი.

ყველა ათლეტს, ვინც პეკინის ოლიმპიადის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას აპირებს, შეტყობინებები დაეგზავნა, რომლებშიც ვაქცინაციის ვალდებულებაზეა ლაპარაკი.

შუმეიკერი ამბობს, რომ ტოკიოს ოლიმპიადის დელეგაციაში, რომელშიც 840 წევრი ირიცხებოდა, მათ შორის, სპორტსმენები, მწვრთნელები, მედიკოსები და ოფიციალური პირები, ოლიმპიადის დროს, კორონავირუსის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა.

„ჩვენ გვინდა, რომ პეკინის ოლიმპიადაზეც იგივე გავიმეოროთ. სრულად ვაქცინირებული გუნდი, პროტოკოლების სრულად დაცვით, ამის გარანტიას იძლევა“, - დასძენს შუმეიკერი.

კანადელებზე ადრე, ოლიმპიური დელეგაციის სრულად ვაქცინირების გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების ოლიმპიურმა და პარალიმპიურმა კომიტეტმა მიიღო.

პეკინის ზამთრის თამაშები 4-20 თებერვალს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115447