ფეხბურთი

2:23 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" რვიდან რვა და "იუვენტუსის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება

იტალიის სერია A-ს მერვე ტურის ცენტრალური თამაში ისეთი გამოვიდა, როგორიც მოლოდინი იყო. „იუვენტუსისა“ და „რომას“ მატჩმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ, ტურინულმა გრანდმა იმარჯვა.

„იუვენტუსს“ მასიმილიანო ალეგრის ხელი ნელ-ნელა ეტყობა. „ბებერმა ქალბატონმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე, ხოლო ყველა ტურნირზე მიჯრით მეხუთე თამაში მოიგო და ბოლო სამში გოლი არ გაუშვია, თანაც ყველა 1:0 მოიგო. სწორედ ეს არის კლასიკური ალეგრის სტილი, რომელიც აქცენტს ყოველთვის დაცვაში კარგ თამაშზე აკეთებს.

მასპინძლები მე-16 წუთზე დაწინაურდნენ, როცა მოიზე კინმა თავით გაიტანა და როგორც გაირკვა, ეს თამაშის ერთადერთი გოლი გამოდგა. თუმცა, ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდათ მომენტები და შეეძლოთ გატანა. მაგალითად, ტაიმის ბოლოს ჯორდან ვერეტუმ პენალტი ვერ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში კინს დუბლამდე ცოტა დააკლდა. სხვათა შორის, „რომას“ სასარგებლოდ დანიშნულ პენალტს დიდი პოლემიკა მოჰყვა. შჩესნიმ საჯარიმოში მხითარიანი წააქცია, შეტევა გაგრძელდა და ტამი აბრაჰამმა გოლიც გაიტანა. თუმცა, დანიელე ორსატომ სანამ ინგლისელი გაიტანა, იმალვე პენალტის დანიშვნა დააფიქსირა, რამაც „რომას“ ფეხბურთელების გაბრაზება გამოიწვია. თუმცა, მსაჯი და VAR-ი ცალსახად მართალი იყო: ჯერ დაირღვა თამაშის წესი, შემდეგ კი წაქცეულ მხითარიანს ბურთი ხელზე მოხხვდა და ასე მიუვიდა აბრაჰამს, რომელმაც გაიტანა. რომ არა, მხითარიანის ხელით თამაში, ინგლისელთან ბურთი არ მიდიოდა. ამდენად, პენალტი სწორი გადაწყვეტილება იყო. პენალტი, რომელიც შჩესნიმ მოიგერია და „იუვეს“ გამარჯვება მოუტანა.

ტურინულმა გრანდმა 14 ქულა დააგროვა და მეოთხეადგილოსან „რომას“ ქულით ჩამორჩება. ალეგრის გუნდი ნელ-ნელა გონს მოდის, თუმცა, ჯერ პრობლემები მაინც ჩანს. მომდევნო ტურში „იუვე“ „ინტერს“ ესტუმრება და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

სანამ „იუვენტუსი“ ოთხეულში შეღწევას ცდილობს, მანამდე „ნაპოლი“ ფანტასტიკურად მიიწევს წინ. ლუჩანო სპალეტის გუნდი არა მარტო იტალიაში, არამედ ტოპლიგებში ერთადერთია, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს. „აძურიმ“ „ტორინოს“ 1:0 მოუგო. პირველ ტაიმში ლორენცო ინსინიემ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ 81-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა თავით შეაგდო და გამარჯვების გოლი გაიტანა. „ნაპოლის“ 8 მატჩიდან 8 მოგება აქვს და 24 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 1:0 (1:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, დე შილიო (ალექს სანდრო 88); კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, ბერნარდესკი (არტური 75); კიეზა (მორატა 71), კინი (კულუშევსკი 71)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„რომა“ (4-2-3-1): რუი პატრისიუ; კარსდორპი, იბანიესი, მანჩინი, ვინა; კრისტანტე, ვერეტუ (შომუროდი 81); ძანიოლო (ელ შაარავი 36), პელეგრინი, მხითარიანი; აბრაჰამი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლი: 1:0 კინი (16)

გაფრთხილება: შჩესნი (45), დე შილიო (49), დანილო (87) - აბრაჰამი (45), ელ შაარავი (70), შომუროდოვი (85), მანჩინი (89), კარსდორპი (90)

გამოუყენებელი პენალტი: ვერეტუ (44)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 14 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: დანიელე ორსატო

„ნაპოლი“ – „ტორინო“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ოსიმენი (81)

„ემპოლი“ – „ატალანტა“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (11), 0:2 ილიჩიჩი (26), 1:2 დი ფრანჩესკო (30), 1:3 ვიტი (49, ა.გ), 1:4 ძაპატა (89)

„ჯენოა“ – „სასუოლო“ 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 სკამაკა (17), 0:2 სკამაკა (20), 1:2 დესტრო (27), 2:2 ვასკესი (90)

„უდინეზე“ – „ბოლონია“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბაროუ (67), 1:1 ბეტო (83)

„კალიარი“ – „სამპდორია“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჟოაო პედრო (4), 2:0 კასერესი (74), 2:1 ტორსბი (82), 3:1 ჟოაო პედრო (90)

0.165767