სხვა

1:04 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პარიზის მარათონი კენიელმა და ეთიოპიელმა მორბენლებმა მოიგეს

პარიზში გამართულ ტრადიციულ მარათონზე, მამაკაცთა შორის გამარჯვება კენიელმა ელიშა როტიჩმა მოიპოვა, ქალთა შორის კი ფინიშის ხაზი პირველმა ეთიოპიელმა ტიგისტ მემუიემ გადაკვეთა.

როტიჩმა გარბენი 2 საათში, 4 წუთში და 21 წამში დაასრულა და პარიზული მარათონის რეკორდი გააუმჯობესა. ეს დრო დაახლოებით წუთით უკეთესია მის ძველ პირად რეკორდზეც. პარიზის მარათონის ძველი რეკორდი სახელოვან ეთიოპიელს, კენენისა ბეკელეს (2014) ეკუთვნოდა.

31 წლის როტიჩმა ტემპი 25 კილომეტრის შემდეგ გაზარდა, ბოლო ხუთ კილომეტრზე კი შეტევა წამოიწყო, რომელმაც გამარჯვება მოაპოვებინა. მეორე ადგილი ეთიოპიელმა ჰაილემარიამ კიროსმა დაიკავა, მესამეზე კი კენიელი ჰილარი კიპსამბუ გავიდა.

მემუიემ გარბენი 2 საათში, 26 წუთსა და 12 წამში დაასრულა. ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. მან თითქმის სამი წამით აჯობა თანამემამულე იენენეშ დინკენსას. მესამე ადგილიც ეთიოპიელმა, ფანტუ ჯიმამ დაიკავა.

პარიზის მარათონზე სულ 145 ქვეყნის 60 000 მორბენალი მონაწილეობდა. ის აპრილში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, შემოდგომაზე გადმოიტანეს. შარშან ის არ გამართულა.

0.124579