რაგბი

12:21 | 17.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაისაშვილი: "შედეგით კმაყოფილი ვარ თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია"

რაგბი ევროპის სუპერთასი პირველი ქართული ფრანჩაიზის, "სავი ლომის" გამარჯვებით (33:10) დასრულდა. მატჩის შემდგომ კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა 2 თვიანი მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ხარისხიანი თამაში აჩვენა, რაც შედეგშიც აისახა.

„რასაც ამდენ ხანს ვნატრობდით, როგორც იქნა ახდა და ქართულმა ფრენჩაიზმა პირველი შეხვედრა გამართა. გუნდმა დაახლოებით ორთვიანი ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გაიარა და დღეს გამოჩნდა, კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. არ გვეტყობოდა შეუთამაშებლობა, რაც მომავალი შეხვედრების წინ უკეთესობის იმედს მაძლევს. შედეგით კმაყოფილი ვართ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია“.

„მეტოქე უდავოდ ძლიერი მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა ქონდათ შეთამაშების პრობლემა. ამ მხრივ ჩვენ უკეთეს სიტუაციაში ვიყავით, რადგან მოთამაშეთა დაახლოებით ნახევარი, ნაკრებში ერთად არიან. გვქონდა პატარა შეცდომები, რაც პირველი თამაშისთვის ნორმალურია. ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რაზეც ვარჯიშობდნენ კარგად გადმოიტანეს მოედანზე და ხარისხიანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რისთვისაც მადლობა მათ და სამწვრთნელო შტაბს“.

„რაც შეეხება მომავალ შეხვედრებს, ბევრი უნდა ვიმუშაოთ მცირედი შეცდომებიც რომ გამოვასწოროთ, თუმცა დღეს იმდენი კარგი რამ გაკეთდა, ხარისხის გაუმჯობესების იმედი ნამდვილად გვაქვს. ‘ლოკომოტივ პენზას’ და ‘ენისეის’ კარგად ვიცნობთ, გვაქვს მათი ბოლო თამაშები, ორშაბათიდან კი ანალიზს უფრო მეტ დროს დავუთმობთ“, - თქვა ლევან მაისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "შავი ლომი" მეორე შეხვედრას 23 ოქტომბერს პემზაში, "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ჩაატარებს. ამ დროისთვის კი ლევან მაისაშვილის გაწვრთნილ გუნდს 5 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.

0.134677