ფეხბურთი

19:20 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" და "დილას" მნიშვნელოვანი გამარჯვებები ეროვნულ ლიგაში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29-ე ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა, რომლებიც მასპინძელთა გამარჯვებებით დასრულდა.

გორის „დილამ“ აუტსაიდერ „სამტრედიას“ უმასპინძლა და სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. გორელები პირველივე ტაიმში კაპანაძისა და გაგნიძის გოლებით დაწინაურდნენ, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი არაბიძემ პენალტით უპასუხა და თამაში დაიძაბა. თუმცა, მეორე ტაიმში შიდა ქართლელებმა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინეს და გამარჯვება მოიპოვეს. გორის „დილას“ 47 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 16 ქულით მეათე ადგილზეა და დიდი ალბათობით, ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდება.

თბილისის „საბურთალომ“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა საკუთარ მოედანზე წყალტუბის „სამგურალთან“. არადა, ყველაფერი სოსო ფრუიძის გუნდისთვის სასიკეთოდ დაიწყო და სერგო კუხიანიძემ მეხუთე წუთზე ანგარიში გახსნა, რითაც სტუმრებმა ტაიმი მოიგეს. შესვენების შემდეგ კი მანდრიჩენკომ და იური ტაბატაძემ ხვიჩა შუბითიძის გუნდს მოაგებინეს. „საბურთალო“ 49 ქულით მესამე საფეხურზეა და ევროსაგზურისთვის იბრძვის, ხოლო „სამგურალი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზე მშვიდადაა - ვერც ევროთასებზე გასვლისთვის იბრძვის და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.

„დილა“ – „სამტრედია“ 3:1 (2:1)

გოლები: 1:0 კაპანაძე (11), 2:0 გაგნიძე (41), 2:1 არაბიძე (45, პენ), 3:1 კაპანაძე (85)

„საბურთალო“ – „სამგურალი“ 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 კუხიანიძე (5), 1:1 მანდრიჩენკო (48), 2:1 ტაბატაძე (48, პენ)

0.12956