რაგბი

17:27 | 15.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სუპერ თასი | შავი ლომის შემადგენლობა პირველი თამაშისთვის

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ სამწვრთნელო შტაბმა ისტორიული თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გუნდი, რომელიც აგვისტოში შეიქმნა, თავის პირველ შეხვედრას რაგბი ევროპის სუპერ თასზე 16 ოქტომბერს, 17 საათზე „ავჭალაზე“ გამართავს და მეტოქე ‘თელავივ ჰითი’ იქნება. ებრაელებმა პროფესიული ფრენჩაიზი სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოაყალიბეს და შემადგენლობა უმთავრესად სამხრეთ აფრიკელი, კუნძლელი და ინგლისელი ლეგიონერებით დააკომპლექტეს.

‘შავი ლომის’ მსგავსად, ‘თელავივ ჰითიც’ 16 ოქტომბერს ისტორიულ, პირველ შეხვედრას გამართავს.

„მეტოქის შესახებ ამ ეტაპზე სახელი და გვარების გარდა პრაქტიკულად არაფერი ვიცით. მწვრთნელი არაა ისეთი ცნობილი, რომ მისი სათამაშო ფილოსოფიის შესახებ რამე დასკვნები გამოვიტანოთ. გუნდი ძირითადად სამხრეთ აფრიკელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ზოგადად სამხრეთ აფრიკელებს უყვართ ძალისმიერი თამაში და კარგი გამქცევებიც ყავთ. მოთამაშეთა შორის რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტია, თუმცა როგორ მოერგებიან ისინი გუნდს არ ვიცით“ – ამბობს ლევან მაისაშვილი, რომელმაც კოვიდ-ვირუსის გადატანის შემდეგ, უსწრაფესად გაიარა რეაბილიტაცია და გუნდს შეკრებაზე შეუერთდა:

„წინა პერიოდში ორჯერ ვიყავი ვარჯიშზე და მწვრთნელებთანაც მუდმივი კავშირი მქონდა. მზადების შესახებ მუდმივად მქონდა ინფორმაცია და საწვრთნელ პროცესში ორშაბათიდან სრულად ჩავერთე”.

„თუ არ ჩავთვლით ძველ ტრავმებს, რომლებიც მოთამაშეებს გაუმიზეზდათ, კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ოფიციალურ შეხვედრამდე ტესტ-მატჩის გამართვა ვერ მოვახერხეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ თამაშის მართვას“.

მაისაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზის მნიშვნელობაზე:

„წარმოადგენდე ‘შავ ლომს’ პირველ, ისტორიულ შეხვედრაში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ის ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მისი კვართით თამაში ნებისმიერი მოთამაშისთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, 16-ში თავს არავინ დაზოგავს და მოედანზე ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს“.

რაგბი ევროპის სუპერ თასი I რაუნდი. 16 ოქტომბერი. 17 საათი თბილისი. „ავჭალა“ შავი ლომი – თელავივ ჰითი შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.145088