ფეხბურთი

15:56 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლის“ ახალი პატრონი - ქალი, რომელმაც პრინც ენდრიუს ცოლობაზე უარი უთხრა

ოქტომბრის დასაწყისში „ნიუკასლი,“ რომელიც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის მე-7 ტურის შემდეგ ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, საუდის არაბეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF) იყიდა. ფონდს ამიერიდან კლუბის აქციების 80 პროცენტი ეკუთვნის.

ბრიტანული ტაბლოიდები წერენ, რომ ამ გარიგებით „ნიუკასლი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ამბიციური კლუბი გახდება. ჩანს, „ჯორდების“ ისტორიაში ახალი ხანა იწყება.

კონსორციუმს 48 წლის ამანდა სტავლი ხელმძღვანელობს. ხელშეკრულების კვალად, მის ფირმას (PCP Capital Partners) 10-პროცენტიანი წილი ექნება კლუბში, თავად კი დირექტორთა საბჭოში დაიკავებს ადგილს.

ვინ არის იგი და რა საერთო აქვს ფეხბურთთან?

ის წარმატებული ქალბატონია, ფონდის ლიდერი და ყოფილი მოდელი. ადამიანი, რომელმაც თავის დროზე პრინც ენდრიუს (იორკის ჰერცოგი, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს მე-3 შვილი) ცოლობაზე უარი უთხრა.

იორკშირელი ფინანსისტი წლებია ტვინის დაავადებას ებრძვის, რომელმაც შეიძლება დემენცია (შეძენილი ჭკუასუსტობა) გამოიწვიოს. 2013 წელს მას ჰანტიგტონის განუკურნებელი დაავადება დაუდგინეს (ნერვული სისტემის დაავადება).

2011 წელს ამანდა ირანელ ბიზნესმენს, მეჰრდად ღოდუსის გაჰყვა ცოლად. „ყველაზე მომთმენი და მოსიყვარულე მეუღლე მყავს. როცა ავადმყოფობის შესახებ შევიტყვე, გათხოვება აღარ მინდოდა, მაგრამ მან მითხრა, რომ მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს და ისინი იპოვიან საუკეთესო ექიმს.“ - ამბობს ამანდა.

საოცარია, მაგრამ ჰანტინგტონის დაავადებამ ამანდა ციფრების დედოფლად აქცია. ბარკლაის ბანკში დილერად მუშაობის პოერიოდში თანამშრომლები გაკვირვებულნი იყვნენ მისი არითმეტიკული უნარებით.

„ეს მართლაც კარგია. არასოდეს ვხმარობ კალკულატორს, ყველაფერს თავში ვანგარიშობ. თანამშროლმები შოკირებულნი იყვნენ ბანკში, როცა საკმაოდ დიდ ციფრებს წამებში ვამრავლებდი. მეგონა, განსაკუთრებული ვარ ციფრებთან მიმართებაში, თურმე ავად ვყოფილვარ.“ - დასძენს სტავლი.

16 წლისამ ჩააბარა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე სწავლის მიტოვება მოუხდა. მიზეზი მშობლების ავადმყოფობა გახლდათ.

23 წლისამ ბანკის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, 180 ათასი გირვანქა სესხად მიეცათ მისთვის რესტორნის გასახნელად. კემბრიჯშირში გახსნა კიდეც, სადაც შეფ-მზარეულიც თავად იყო და მიმტანიც. ამას ხელი არ შეუშლია მისთვის კარგი ფინანსისტი გამხდარიყო.

ძალიან უყვარდა დოღი, სადაც უამრავი საჭირო ადამიანი გაიცნო და საქმიანი ურთიერთობა დაამყარა. რამდენიმე წელიწადში მისი ქონება 120 მილიონ გირვანქამდე გაიზარდა. ახლა ულამაზესი ვილა აქვს დუბაიში და სახლი პარკ ლეინში, რომელიც მილიონები ღირს.

პრინცი ენდრიუ 2000 წელს გაიცნო ერთ-ერთ პრესტიჟულ მიღებაზე. ენდრიუ მაშინ დიდი ბრიტანეთის სავაჭრო ელჩი გახლდათ.

პრინცი მოხიბლულა ქალბატონის სილამაზითა და ინტელექტით. ნაცნობობა გაგრძელდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ენდრიუმ ამანდა ბაკინგემის სასახლეში მიიყვანა და საცოლედ წარადგინა. დედოფალს და პრინც ფილიპს სარძლო მოეწონათ და შვილს ქორწინების ნება დართეს.

თუმცა ამანდამ იუარა: „ენდრიუ შესანიშნავი ადამიანია. დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან. ცოლად კი იმიტომ არ გავყევი, რომ სამეფო ოჯახში შესვლით, ყველაზე მთავარს, დამოუკიდებლობას დავკარგავდი.“ - უთხრა ამანდამ Daily Mail-ს.

აი, ასეთი ხელმძღვანელი ეყოლებათ ამიერიდან „კაჭკაჭებს.“

საინვესტიციო ფონდმა უკვე გადარიცხა კლუბის ანგარიშზე 400 მილიონი გირვანქა. სამშაბათს კი ქალბატონი სტავლი მეუღლესთან ერთად „ნიუკასლის“ საწვრთნელ ბაზას ეწვია, მწვრთნელ-ფეხბურთელები, პერსონალი გაიცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა მათ.

ფეხბურთთან რა კავშირშიაო ვიკითხეთ თავში და მისი ფირმა PCP Capital Partners, მჭიდროდ თანამშრომლობს საუდის არაბეთის სამეფო ოჯახთან. კერძოდ, შეიხ მანსურ ბინ ზაიდა ალ ნაჰაიანთან და აქტიური მონაწილეობა მიიღო 2008 წელს მის მიერ „მანჩესტერ სიტის“ შეძენის საქმეში.

შემდეგ ორჯერ, 2018 და 2020 წლებში „ნიუკასლის“ ყიდვას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. აი, მესამე ცდა კი იღბლიანი გამოდგა.

0.113418