ფეხბურთი

1:50 | 13.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი: "საჯარიმოში ორჯერ შემოვიდნენ და ორი გოლი გაიტანეს"

კოსოვოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:2) შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვეიცარიელი სპეციალისტის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რადგან მის გუნდს წასაგები თამაში არ ჰქონდა და საქართველომ მათ საჯარიმოში შესვლა მხოლოდ ორჯერ მოახერხა.

„გუნდის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ ასეთი მატჩის შემდეგ. არ შეიძლებოდა ეს თამაში წაგვეგო, რადგან ხარისხი ცუდი არ იყო. პირველი გოლის შემდეგ გუნდმა კარგი რეაქცია გამოავლინა და ლამაზი თამაში ჩაატარა. უამრავი ეპიზოდი გვქონდა მოედნის ბოლო 25 მეტრში, რომელიც ახლა ჩვენი პრობლემაა. მეორე ნახევარში ძალიან დომინანტები ვიყავით, მაგრამ როგორც ჩანს ბოლო ფაზა პრობლემაა. საერთოდ არ ვიყავით ეფექტურები და ბოლო პასი გვაკლდა. ასეთ მატჩს თუ წავაგებდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, მეტოქე ორჯერ შემოვიდა ჩვენს საჯარიმოში და ორი გოლი გაიტანა. გუნდი ცდილობდა, თუმცა, ეს არ იყო საკმარისი. ზოგადად, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავიტანეთ და არც სახიფათოები ვიყავით. ჩემთვის მეოთხე ან მეხუთე ადგილის დაკავება პრობლემა არაა. რთული ჯგუფი იყო, შეიძლებოდა მეტი ქულის მოპოვება, მაგრამ პრობლემა ჩემთვის ის არის, რომ კარგი თამაშით უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, საბერძნეთთან მომდევნო შეხვედრას მოვიგებთ და ერთა ლიგისთვის მოვემზადებით.

არანაირი პრობლემა არ აქვს, გუნდთან ერთად ვაკეთებ ჩემს საქმე, გუნდთან თავს კარგად ვგრძნობ. ჩვენ შედეგები გვჭირდება, რომელიც ამ ეტაპზე არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩემი მომავალი ადვილი არ იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიხარჯები და ჩემს საქმეს ვაკეთებ, დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია და არა - ჩემი. მზად ვარ ყველაფრისთვის, რომ გუნდი ერთა ლიგის მომდევნო სეზონისთვის მოვამზადო“, - თქვა შალანდმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი 9 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ეს იყო ვილი სანიოლის მეორე სპარინგის ჩათვლით, მაგრამ პირველი ოფიციალური გამარჯვება საქართველოს ნაკრებში, რის შედეგადაც, „ჯვაროსნებმა“ 4 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე აინაცვლეს. შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთთან მატჩით დაასრულებს.

0.118854