ფეხბურთი

1:10 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, სხვა ადგილებისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ევროპაში გრძელდება და გაირკვა პირველი ნაკრები, რომელმაც მუნდიალის საგზური ოფიციალურად მოიპოვა - ეს გერმანიის ნაკრებია.

E ჯგუფი

E ჯგუფის მთავარი ფავორიტი და გამოკვეთილი ლიდერი ბელგიის ნაკრები ერთა ლიგის გამო ამ ფანჯარაში შესარჩევ ციკლში არ ატარებდა მატჩებს, მაგრამ „წითელი ეშმაკები“, რომ პირველ ადგილზე გავლენ, ამაში ეჭვის შეტანა, სისულელეს ჰგავს. სამაგიეროდ, მეორე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა ჩეხეთსა და უელსს შორის.

ჩეხეთის ნაკრები სტუმრად ბელარუსს ესტუმრა და 2:0 აჯობა, ხოლო უელსმა ასევე გასვლაზე კიფერ მურის გოლით ესტონეთს მოუგო. ორივე გუნდს 11-11 ქულა აქვთ, მაგრამ უელსს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ლიდერი ბელგიაა - 16 ქულით და დროის საკითხია მუნდიალის საგზურის გაფორმება.

ბელარუსი - ჩეხეთი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 შიკი (22), 0:2 ჰლოზეკი (65)

ესტონეთი - უელსი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 მური (12)

1. ბელგია 6 5 1 0 21 4 17 16
2. ჩეხეთი 7 3 2 2 12 9 3 11
3. უელსი 6 3 2 1 8 7 1 11
4. ესტონეთი 6 1 1 4 8 16 -8 4
5. ბელარუსი 7 1 0 6 6 19 -13 3

G ჯგუფი

ნიდერლანების ნაკრებმა გიბრალტარს უმასპინძლა და მოლოდინისამებრ, დაამარცხა - 6:0. აქ ყველაზე გამოსარჩევი ვირჯილ ვან დეიკის გოლია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის შემდეგ პირველად შეძლო თავის გამოჩენა.

ერლინგ ჰოლანდის გარეშე მოთამაშე ნორვეგიის ნაკრებმა, რომელსაც კარგი შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდეს, შინ მონტენეგროს ნაკრებს დამაჯერებლად 2:0 მოუგო და მორიგი ნაბიჯი გადადგა წინ. თურქეთის ნაკრები კი ისევ არადამაჯერებელია. შენოლ გიუნეში შტეფან კუცმა შეცვალა, მაგრამ თურქეთის ნაკრების თამაში არ იცვლება, არადა, ამ გუნდმა შესარჩევი ეტაპი ფანტასტიკურად დაიწყო და ახლა ასეთ დღეში თუ იქნებოდა, ვერავინ იფიქრებდა. თურქებმა რიგაში, ლატვიასთან იწვალეს, 70-ე წუთზე გაუშვეს და აგებდნენ, მერე გაათანაბრეს, მაგრამ ქულა თურქეთს პრაქტიკულად თამაშგარეში ტოვებდა. ამიტომაც, აუცილებლად მოგება სჭირდებოდა და მიზანს მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეცხრე წუთზე ბურაქ ილმაზის გატანილი პენალტით მიაღწია.

ჯგუფში საინტერესო ვითარებაა: ნიდელრლანდები 19 ქულით ლიდერია, 17 ქულა აქვს ნორვეგიას და 15 - თურქეთს. მუნდიალზე პირველადგილოსანი გადის, მეორე პლეი-ოფში გადაინაცვლებს, მესამე ადგილი არაფრის მომტანია. ამდენად, დარჩენილ ორ ტურში ძალზე საინტერესო ბრძოლებია მოსალოდნელი.

ნიდერლანდები - გიბრალტარი 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ვან დეიკი (9), 2:0 დეპაი (21), 3:0 დეპაი (45), 4:0 დუმფრისი (48), 5:0 დანჯუმა (75), 6:0 მალენი (86)

ნორვეგია - მონტენეგრო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ელიონუსი (29), 2:0 ელიონუსი (90)

ლატვია - თურქეთი 1:2 (0:0)

გოლები: 1:0 დემირალი (70, ა.გ), 1:1 დურსუნი (76), 1:2 ბურაქ ილმაზი (90, პენ)

1. ნიდერლანდები 8 6 1 1 29 6 23 19
2. ნორვეგია 8 5 2 1 15 6 9 17
3. თურქეთი 8 4 3 1 19 15 4 15
4. მონტენეგრო 8 3 2 3 11 11 0 11
5. ლატვია 8 1 2 5 8 13 -5 5
6. გიბრალტარი 8 0 0 8 3 34 -31 0

H ჯგუფი

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ვალერი კარპინის გუნდმა მარიბორში სლოვენიის ნაკრებს მოუგო (2:1), ხოლო მისი კონკურენტი ხორვატია შინ სლოვაკეთს ვერ გაუმკლავდა. ხორვატები ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ორჯერვე გაათანაბრეს და ქულა მოიპოვეს.

ამ ჯგუფში პრაქტიკულად ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ რუსეთ-ხორვატიას შორის უნდა გათამაშდეს პირველი ადგილი. რუსებს ორი ქულით მეტი აქვთ, შესარჩევი ციკლის დასრულებამდე კი მხოლოდ ორი ტურიღა რჩება.

სლოვენია - რუსეთი 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 დივიევი (28), 0:2 ჯიქია (32), 1:2 ილიჩიჩი (40)

ხორვატია - სლოვაკეთი 2:2 (1:2)

გოლები: 0:1 შრანცი (20), 1:1 კრამარიჩი (25), 1:2 ჰარასლინი (45), 2:2 მოდრიჩი (71)

კვიპროსი - მალტა 2:2 (1:0)

გოლები: 1:0 პაპულისი (7), 1:1 მუსკატი (53), 2:1 სოტირიუ (80), 2:2 დეგაბრიელე (90)

1. რუსეთი 8 6 1 1 13 5 8 19
2. ხორვატია 8 5 2 1 13 3 10 17
3. სლოვაკეთი 8 2 4 2 9 8 1 10
4. სლოვენია 8 3 1 4 9 9 0 10
5. მალტა 8 1 2 5 8 17 -9 5
6. კვიპროსი 8 1 2 5 3 13 -10 5

J ჯგუფი

გერმანიის ნაკრები პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ბუნებრივია, მასპინძელი ყატარის შემდეგ. ჰანსი ფლიკის გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მასპინძლებმა ალემანებს მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს კონკურენცია, მეორე ნახევარში კი, ტიმო ვერნერმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კაი ჰავერცისა და ჯამალ მუსიალას აქტივშია. გერმანიის ნაკრებს 21 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ რუმინეთს ფინიშამდე ორი ტურით ადრე 8 ქულით უსწრებს, რაც ნიშნავს, რომ პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება. ამრიგად, გერმანია უკვე ყატარშია. არადა, გავიხსენოთ, რომ გერმანიამ შესარჩევი ეტაპი იმავე ჩრდ. მაკედონიასთან საშინაო მარცხით დაიწყო. მაშინ გუნდს იოაჰიმ ლიოვი წვრთნიდა, მას მერე კი მიჯრით 7 გამარჯვება მოიპოვა.

თუ გერმანიის პირველი ადგილი უკვე გაოფიციალურდა, ვინ გავა მეორე პოზიციაზე და შესაბამისად, პლეი-ოფში, უცნობია. ერთი ადგილისთვის 3 ნაკრები იბრძვის და სამივეს რეალური შანსი აქვს.

რუმინეთის ნაკრებმა ბუქარესტში სომხეთის ნაკრებს უპრინციპულესი თამაში მოუგო (1:0). შედეგად, მეორე ადგილზე აღზევდა. ვლახებს 13 ქულა აქვთ, მაგრამ იქვეა იგივე სომხეთი და ჩრდილოეთ მაკედონია 12-12 ქულით. სამივე გუნდს თანაბარი მატჩების რაოდენობა აქვთ ჩატარებული და ყველაფერს დარჩენილი ორი ტური გაარკვევს. თუმცა, რუმინეთს გარდა იმისა, რომ ქულით მეტი აქვს, კალენდარიც ხელს უწყობს, რადგან ისლანდიასთან და ლიხტანშტაინთან მატჩები ელოდება და ორივეს თუ მოიგებს, პლეი-ოფში გავა.

ჩრდ. მაკედონია - გერმანია 0:4 (0:0)

გოლები: 0:1 ჰავერცი (50), 0:2 ვერნერი (70), 0:3 ვერნერი (73), 0:4 მუსიალა (83)

რუმინეთი - სომხეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 მიტრიტა (26)

ისლანდია - ლიხტანშტაინი 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 თორდარსონი (19), 2:0 გუდმუდსონი (35), 3:0 გუდმუდსონი (79), 4:0 გუდიონსენი (89)

1. გერმანია 8 7 0 1 23 3 20 21
2. რუმინეთი 8 4 1 3 11 8 3 13
3. ჩრდ. მაკედონია 8 3 3 2 15 10 5 12
4. სომხეთი 8 3 3 2 8 11 -3 12
5. ისლანდია 8 2 2 4 11 15 -4 8
6. ლიხტანშტაინი 8 0 1 7 2 23 -21 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.183742