ფეხბურთი

17:11 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილის განცხადება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასა და თამაშის უმაყურებლოდ ჩატარებაზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა, რის გამოც საქართველო-საბერძნეთის მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს მატჩზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება მოუწია.

"ბათუმში უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. რთულია ამ დროს სიტყვები იპოვო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ამ საზარელი შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, ქალაქ ბათუმსა და სრულიად საქართველოს!

დღეს ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი მცდელობით, მივაღწიეთ იმას, რომ უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, გამონაკლისის სახით, მატჩზე სტადიონის საერთო ტევადობის 33 პროცენტი დაუშვა, რაც ძალიან გვახარებდა. ფეხბურთისთვის გულშემატკივრის ძალა შეუცვლელია. სწორედ გულშემატკივრის ქომაგობაა ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ფეხბურთს ასულდგმულებს.

გუშინ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან გამომდინარე, მატჩის გადადებასთან დაკავშირებით, კომუნიკაცია გვქონდა ფიფასა და უეფასთან. მატჩის ორგანიზატორმა ფეხბურთის მსოფლიო და ევროპულმა ორგანიზაციებმა, ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილეს. საკოორდინაციო უწყებათაშორის საბჭოს კი მატჩზე მაყურებლის დასწრებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადება მოუწია, რაც ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ძალიან მტკივნეულია.

ფეხბურთი არის სწორედ ის ძალა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა. თანაგრძნობის გამოხატვის ფორმა კი მაყურებლის პირადი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. დღეს დაგეგმილი საქართველო-საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდესი ტრაგედიის გამო. ჩვენ ეროვნულ ნაკრებს კი წარმატებას ვუსურვებ", - წერს კობიაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144736