ძიუდო

15:44 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: ორი ქართველი ფინალშია, ერთს ბრინჯაოს შანსი აქვს

იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ძალზე წარმატებით მიმდინარეობს. ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა, აქედან ორი ფინალშია, ერთი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის და აქამდე ერთადერთი გამარჯვება აშორებს.

100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს მოუგო, რასაც მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება მოჰყვა - მიხეილ ჯაფარიძესთან სულამანიძემ იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსი მატვეი კანიკოვსკიც დაამარცხა. ფინალში ილიას მეტოქე უზბეკი სუხრობ რაიაბოვი იქნება.

როგორც ხედავთ ამ წონაში ორი ქართველი ასპარეზობდა. ჯაფარიძემ ბერძენი პანაგიოტის პაპანიკოლაუ და სამხრეთ კორეელი იეიუნ იეო დაამარცხა, მერე სულამანიძესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქ უზბეკ უტკირბეკ ტურობოიევთან განიცადა მარცხი, შედეგად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში საბა ინანეიშვილი გავიდა, რომელმაც უკრაინელი სერგეი კოვბასიუკი, ბელგიელი ივეს ნდაო, უზბეკი შოხრუხ მამარასულოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში მისი მეტოქე უნგრელი რიჩარდ სიპოში იქნება.

ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ირაკლი დემეტრაშვილს. მან უკრაინელი ოლექსეი ჰალაკა და გვინეელი მუსტაფა ფოფანა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აწ ნახსენებ სიპოშთან წააგო. რეპეშაჟში დემეტრაშვილმა ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვა დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ მამარასულოვს შეხვდება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ოქროს მედალია, რომელიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ) მოიპოვეს.

0.142443