ფეხბურთი

18:43 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ვან ტსხიპი: "საქართველომ პირველ მატჩში პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ გეგმა გვაქვს"

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტსხიპმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩის წინ, რომელსაც მისი გუნდი ბათუმში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გაიმართავს, პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო კარგი გუნდია, რაც აქამდეც დაუმტკიცებია და რთულ თამაშს ელოდება.

„გუნდში კარგი, პოზიტიური განწყობაა. ხვალ რთულ თამაშს ველოდებით, რადგან სალონიკიში ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, რაც საქართველოს კარგი თამაშით იყო გამოწვეული. თუმცა, ახლა ჩვენი გუნდი ფიზიკურად და მენტალურად გაცილებით კარგადაა მომზადებული და ველოდები, რომ გაცილებით მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

ძლიერი და შედარებით ნაკლებად ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ სათამაშოდ ერთნაირად ვემზადებით. საქართველოს, კოსოვოს და შვედეთს ერთნაირი პატივისცემა სჭირდება და ეს არაერთხელ აღვნიშნე. საქართველო კარგი გუნდია, ტექნიკური მოთამაშეები ჰყავს და ეს არაერთხელ დაამტკიცა, მათ შორის, ჩვენთან და ესპანეთის ნაკრებთან მატჩებში. ჩვენთვის ყველა თამაში ერთნაირად მნიშვნელოვანია.

ხვალინდელ მატჩში მკაფიო გეგმა გვაქვს, რომელსაც თუ მივყვებით, დარწმუნებული ვარ, შედეგიც დადებითი იქნება. თუმცა, ვიმეორებ, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია, რაც აქამდეც დაამტკიცა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილებების მიღება. წინა თვეში დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვება შეგვიძლია. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს და სამომავლოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - თქვა ვან ტსხიპმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკიში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102243