სხვა

21:16 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სეოკ-ში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ვარსკვლავი გაიხსნა

დღეს, 6 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ძიუდოისტ ლაშა ბექაურის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, ხოლო ძალოსნობაში უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს მეორე წარწერა დაემატა. მოეწყო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორების ასპარეზობის ამსახველი ფოტოგამოფენა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის გახსნის ცერემონია ოლიმპიური კომიტეტის დაარსების დღეს შედგა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები, მწვრთნელები, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ლაშა ბექაურის ოჯახის წევრები.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ქართველ ოლიმპიელებს კიდევ ერთხელ მიულოცა ტოკიოში მოპოვებული მედლები: „32 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს - 6 ოქტომბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. სწორედ ამ თარიღს დავამთხვიეთ ვარსკვლავის გახსნა. მინდა კიდევ ერთხელ ვიზეიმოთ ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვება. ეს წარმატება ჩვენ შევაფასეთ როგორც ისტორიული, რადგანაც ჩვენს ნაკრებ გუნდებს საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში რვა მედალი არასდროს აუღიათ. დღეს ვხსნით ლაშა ბექაურის ვარსკვლავს და მეორე წარწერა დაემატება ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს."

ლერი ხაბელოვმა ისაუბრა სეოკ-ის მიერ დამოუკიდებლობის წლებში გაწეულ საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე, გაიხსენა ზაფხულისა და ზამთრის ოლიმპიური თამაშები და სხვა ოლიმპიური შეჯიბრებები, ასევე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც თბილისმა 2015 წელს უმასპინძლა. აღინიშნა, რომ 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილია ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიული ფესტივალის ჩატარება, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ზამთრის სპორტის განვითარებისთვის.

ჩვენს ოლიმპიელებს მიესალმნენ საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგლე სოსო გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონიები - რაფაელ ჩიმიშკიანი და შოთა ხაბარელი.

თავის მხრივ, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა - ლაშა ბექაურმა და ლაშა ტალახაძემ მადლობა გადაუხადეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს და შეკრებილ საზოგადოებას მათი გამარჯვების დაფასებისთვის.

ლაშა ბექაური: „ სანამ წავიდოდი ოლიმპიადაზე, აქ ვიყავი და ვნახე სხვა ქართველი ოლიმპიელების ვარსკვლავები. მაშინ ჩავიფიქრე, რომ ჩემი ვარსკვლავიც გახსნილიყო და ეს ოცნებაც ამიხდა.''

GEONOC.ORG.GE

0.119232